შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე წირვას დაესწრო.
საზეიმო წირვა ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა აღავლინა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს წმინდა მოციქულებს პეტრესა და პავლეს, ქრისტიანული რელიგიისა და ეკლესიის ორ უდიდეს სვეტს.
„მათი ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა. სწორედ ამიტომ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე თითოეულ ჩვენგანს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ იმ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აძლიერებდა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის წევრებმა ასევე ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.
