კობა ნარჩემაშვილი: „პოლიტიკური სისტემის გაძლიერებისთვის მე ვემხრობი ბლოკების აკრძალვას იმიტომ, რომ ბლოკი ხელს უშლის პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას“

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი კობა ნარჩემაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ახალგაზრდები დაინტერესდნენ ოკუპაციის საკითხით და ჟენევის ფორმატით, თუ რა კეთდება ამ მიმართულებით. ისაუბრეს პროპორციული საარჩევნო სისტემის, ნულოვანი ბარიერის შესახებ. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის პოლიტიკაზე.
ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის მომხრეა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს აქვს თავისი რისკები და გარკვეული საფრთხეები. „პოლიტიკური სისტემის გაძლიერებისთვის მე ვემხრობი ბლოკების აკრძალვას იმიტომ, რომ ბლოკი ხელს უშლის პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას, რადგან იგი ყველას აძლევს საშუალებას, მათ შორის, არაფრისმაქნის ადამიანსაც, იყოს პოლიტიკაში“, - განმარტა დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა.
„ქართული ოცნების ჯანდაცვისა და სოციალური სოლიდარობის პოლიტიკა სწორად მიმაჩნია. ამ პოლიტიკამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, 2016 წლიდან შობადობამ გაასწრო სიკვდილიანობას, ბევრი კლინიკა გაიხსნა, ბევრი ადამიანი დასაქმდა და, ზოგადად, ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, თუმცა ბოლო დროს მანკიერებებიც გამოიკვეთა. კერძოდ, ჯანდაცვის ხარისხი მოიკოჭლებს. გარდა ამისა, ჯანდაცვის მიმართულებისთვის განკუთვნილ თანხებს უფრო ყურადღებიანი კონტროლი სჭირდება“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ახალგაზრდებმა 20 ივნისის ღამის შეფასება სთხოვეს დეპუტატს. „გარკვეული ჩავარდნაა ის, რომ სპეცსამსახურებს არ ჰქონდათ ანალიტიკა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამას. 20 ივნისის ღამე პოლიტიკური შეცდომაა და ამ სამსახურებში რომ რეალური რეფორმა განხორციელებულიყო, არ მოხდებოდა ის, რაც ღამის 2 საათის შემდეგ მოხდა. გარდა ამისა, წარმოუდგენელია დაზარალებულად არ იყოს ცნობილი ადამიანი, რომელსაც თვალი დაუზიანდა. დაზარალებულის უფლებებზე პროცესუალურად უნდა ყოფილიყო ნაფიქრი“, - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.
სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ შეწყალების საკითხით. დეპუტატის განცხადებით, პრეზიდენტს საპატიო კონსტიტუციური თანამდებობა უჭირავს და მეტი პასუხისმგებლობით უნდა ელაპარაკოს საკუთარ მოსახლეობას. „როცა პრეზიდენტი იღებ გადაწყვეტილებას, რომელიც არ ესმის მოსახლეობას, უნდა განმარტო, რომ ამ აქტის გაუქმება არ შეეძლო, რადგან ეს კონსტიტუციური აქტია და არა ადმინისტრაციული. საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში არ მოამქდებს პრინციპი, რაც აკრძალული არ არის, ის ნებადართულია. ეს აქტი ვერ გაუქმდებოდა, მაგრამ გაუგებარია შეჩერება და მორატორიუმი, რადგან თუ პრეზიდენს აქვს შეწყალების უფლება, პატიმარს აქვს უფლება შეწყალებული იყოს, მაგრამ შეწყალებული იყოს ის, ვინც იმსახურებს“, - განაცხადა დეპუტატმა.