მაია ბითაძე და დავით სონღულაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და მოადგილე სალომე ქურასბედიანი ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„კომიტეტი აქტიურად არის ჩართული დარგის განვითარების ხელშესაწყობად განსახორციელებელ საქმიანობაში და სისტემატურად მუშაობს იმისთვის, რომ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, დაინერგოს და განხორციელდეს ყველა ის მნიშვნელოვანი დებულება, რომელიც ასახულია ევროპულ კანონმდებლობაში. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებას, ინფრასტრუქტურული დაკავშირებადობის მნიშვნელობის თვალსაზრისით. ამ პროექტით ქვეყანას უჩნდება პერსპექტივა, შეიძინოს რეგიონის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება მაღალ კონკურენტუნარიანი, რაციონალურად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის რესურსებს და განახორციელებს ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე“, - განაცხადა შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, სალომე ქურასბედიანის განცხადებით, დღის წესრიგში ასევე დადგა გარკვეული ახალი საკითხები, რომლებიც ევროკავშირის შიდა კანონმდებლობის ცვლილებიდან გამომდინარე აქტუალური ხდება ჩვენი ქვეყნისთვისაც.
„ეს საკითხები შეეხებოდა როგორც ენერგეტიკულ, ასევე გარემოსდაცვით მიმართულებებს. გარკვეულ პოზიციებზე შევჯერდით და შევთანხმდით, რომ ოპტიმალური შედეგის მისაღებად ორი მხარე აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს“, - აღნიშნა სალომე ქურასბედიანმა.
