პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე დღეს სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა.
აქციის მონაწილეები პოლიგონის დახურვას ითხოვენ. მათი განცხადებით, ნაგავსაყრელის გახსნის შემდეგ ადგილზე ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა. აქციის მონაწილეებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მისასვლელი გზა უკვე სამი დღეა გადაკეტილი აქვთ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზურაბ აბაშიძემ მოპიკეტეებს მოუწოდა, რომ ამ ეტაპზე შეეწყვიტათ საპროტესტო აქცია და ადგილზე დასუფთავების სამსხურის მანქანები შეეშვათ. მან აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართონ და გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნას დაელოდნონ.
"მთავარი არის ის, რომ ხალხმა გამოხატა ის წუხილი, რაც მათ აქვთ და რაც ნაგავსაყრელის მდებარეობით ექმნებათ. რამდენიმე თვის წინ პროტესტის გამოხატვა წარმოუდგენელი იყო. მაშინდელი მთავრობა მათ ან დააპატიმრებდა ან დაარბევდა. დღეს, ხალხი პრობლემების გადაწყვეტაში აქტიურადაა ჩართული", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
