საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

მნიშვნელოვანი სიახლეები 26 მაისი 2021
პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ქალბატონო პრეზიდენტო,
ბატონო პრემიერ-მინისტრო,

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებო, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებო,

მივესალმები საპატიო სტუმარს, პოლონეთის პრეზიდენტს ბატონ ანჯეი დუდას, რომელიც უერთდება ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს,
პატივცემულო ელჩებო, ძვირფასო სტუმრებო,

მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ვულოცავ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
განსაკუთრებულად მინდა მივულოცო იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს საქართველოს ერთგულების ფიცი დადეს და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად ემსახურებით საქართველოს და ამაყად ატარებთ საქართველოს ჯარისკაცის საპატიო სახელს.

ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია და თითოეულ ჩვენგანს გვავალდებულებს, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოსთვის თავგანწირული ჩვენი გმირები. პატივს მივაგებ საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

სიმბოლურია, რომ სწორედ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ქართულ მიწას მივაბარებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდს, დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს. ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ საქართველოს ერთგულ შვილებს.

სახელმწიფოებრიობის აღდგენას არაერთი თაობის უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, მის შენარჩუნებას დღესაც არანაკლები შრომა და თავდადება სჭირდება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ქართული სახელმწიფო. ჩვენი პოლიტიკური გუნდის არჩევანია მშვიდობიანი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, რათა რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის შეუქცევადი განვითარება. სწორედ ამას ელოდება ჩვენგან ხალხი.

ევროკავშირის მხრიდან საქართველო აღიარებულია როგორც ლიდერი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის. გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობაზე. ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა. ეს გვავალდებულებს ყველას, მთელ საზოგადოებას, ხელისუფლებას და ოპოზიციას, ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს, ერთობლივი ძალისხმევით ვიაროთ მიზნისკენ, რომელიც გვაერთიანებს - ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს და გავხდეთ დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. დარწმუნებული ვარ, ყველას გვეყოფა კეთილგონიერება და ქვეყნის ინტერესს დავაყენებთ ყველაფერზე მაღლა.

ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველო ვაქციოთ სტაბილურ, მშვიდობიან და წარმატებულ ქვეყნად, ლიდერად არა მხოლოდ რეგიონში. ამას ელოდებიან ჩვენგან ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ამის პოტენციალს ხედავენ ისინი საქართველოში.

მინდა დღეს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც სჯერა საქართველოს სახელმწიფოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის და გვერდში გვიდგას ამ საქმეში. მათ შეუძლიათ გვიგულონ საიმედო და ერთგულ პარტნიორად.

წარმატებული საგარეო დღის წესრიგის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ ოკუპაცია რჩება. საქართველომ აირჩია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა. მხოლოდ მშვიდობისა და შერიგების გზით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით მივაღწევთ მიზანს და მათთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში. დეოკუპაციის პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ჩვენი რეგიონის სტაბილურობისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობა შეძლებს და საქართველო სულ მალე გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი, ასრულდება ჩვენი სახელოვანი წინაპრების ოცნება, ეს გახლავთ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ
08 ივლისი 2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ

მსგავსი

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია სამცხე-ჯავახეთის მხარეში გასვლით შეხვედრებს მართავს
08 ივლისი 2025

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია სამცხე-ჯავახეთის მხარეში გასვლით შეხვედრებს მართავს

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
08 ივლისი 2025

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გიორგი ჩაკვეტაძე რუსთავში საგამოცდო ცენტრს ესტუმრა
08 ივლისი 2025

გიორგი ჩაკვეტაძე რუსთავში საგამოცდო ცენტრს ესტუმრა

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა
07 ივლისი 2025

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R