პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე და ანი მიროტაძე დიცისა და დვანის მოსახლეობას შეხვდნენ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანი მიროტაძე სოფლებში: დიცსა და დვანში იმყოფებოდნენ.
პარლამენტის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და დახმარების გზებზე ისაუბრეს. დეპუტატების განმარტებით, პრობლემის მოგვარება პარლამენტის, მთავრობისა და ექსპერტების გაერთიანებული ძალისხმევით უნდა მოხდეს. თედო ჯაფარიძემ და ანი მიროტაძემ საოკუპაციო ხაზიც დაათვალიერეს და ის სამი საცხოვრებელი სახლი მოინახულეს, რომელიც მოსახლეობამ საკუთარი ხელით დაანგრია.
,,ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი გადის სწორედ ამ სოფლებზე, ამ ხელოვნურ გამყოფ ზოლზე, რომელიც ჩვენმა მოწინააღმდეგემ, ამ შემთხვევაში რუსეთმა საქართველოს გულზე გაატარა. დღევანდელი დღე ძალიან რთული და ემოციურია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის დამატებითი მუხტი ყველა ჩვენთაგანისთვის“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
დეპუტატ ანი მიროტაძის განცხადებით, გადაწყვეტილებების მიღება ცხელ გულზე აღარ უნდა მოხდეს. ,,იქნებ ახლა მაინც, აქ, ამ გამყოფ ზოლზე, ჩვენ, ქართველები მივხვდეთ, რომ ემოციებზე, ცხელ გულზე აღარ მივიღოთ გადაწყვეტილებები, უფრო უკეთესად მივხედოთ ჩვენს ქვეყანას და ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით შევხედოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან“, -აღნიშნა ანი მიროტაძემ.
