პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ერთობლივი პრესკონფერენცია

პარლამენტის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა, დაჩი ცაგურიამ, თინათინ ნიბლოშვილიმა და ლევან ჩიტაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია პატიმარ მელორ ვაჩნაძის საკითხს მიუძღვნეს.
მათი განცხადებით, პოლტიკურ პატიმრად აღიარებულ მელორ ვაჩნაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეული აქვს, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის სამკურნალოდ არაფერს აკეთებენ, რითაც პატიმრის უფლებებს არღვევენ.
"მოვითხოვთ, რომ მელორ ვაჩნაძე სასწრაფოდ გადაიყვანონ სეფსისის რესპუბლიკურ ცენტრში, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მას გადაუდებელი სასწრაფო დახმარების აღმოჩენა ესაჭიროება, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თავისუფლების აღკვეთის ადგილზე მისი დაბრუნება", – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
როგორც პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მელორ ვაჩნაძე პოლიტიკურ საქმიანობას ციხეშიც აგრძელებს, სადაც პატიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნეს და მათი აზრით, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ავადმყოფ პატიმარს სათანადო ყურადღება არ ექცევა. გიორგი ცაგარეიშვილი მოუწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, პატიმრებთან დაკავშირებით შეცვალოს პოლტიკა.
თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ პატიმარი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებას უნდობლობას უცხადებს, ვინაიდან იქ შესაბამის მკურნალობას არ უტარებენ. ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, ერთად ერთი სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც მელორ ვაჩნაძის მკურნალობაა შესაძლებელი, სეფსისის რესპუბლიკური ცენტრია და პატიმრის მოთხოვნა იქ გადაყვანის შესახებ, პატიმართა კოდექსის თანახმად, უნდა შესრულდეს.
