პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით, 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანას.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
ცვლილებებით ზუსტდება პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების თანამდებობიდან გადადგომის, გამოწვევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები.
ცვლილებები აგრეთვე შეეხება პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში, დროებით კომისიებსა და სხვა საპარლამენტო ორგანოებში წევრთა წარდგენისა და უფლებამოსილების განხორციელების წესებს.
რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით წესრიგდება პარლამენტის პლენარული სხდომების ჩატარების ცალკეული პროცედურული საკითხები, იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების განხილვის, განხილვის გაგრძელებისა და კენჭისყრის წესები. ასევე, განისაზღვრება საკანონმდებლო პაკეტში შემავალი პროექტების მესამე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ ერთიანი კენჭისყრის შესაძლებლობა და ზუსტდება დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის პროცედურა.
გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირებისა და ორგანოების ანგარიშების განხილვის წესს, ინტერპელაციის გამართვის პროცედურას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესს, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის ფორმატს და პარლამენტის კომიტეტების მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებს.
რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
