რაჭის ეროვნული პარკის ფართობი გაიზრდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელა.
საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
კანონპროექტის მიზანია რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და გაფართოებისთვის ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე რეგიონში დაცული ტერიტორიების გაფართოება. კერძოდ, კანონპროექტი უზრუნველყოფს რაჭის ეროვნული პარკის 4 759 ჰექტრით გაფართოებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ხარჯზე, ასევე ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ხუთი ბუნების ძეგლის (საკიშორის მღვიმე, შარეულას მღვიმე, უშოლთის მღვიმე, მურადის მღვიმე და კიდობანას მღვიმე) შექმნას, რომელთა მართვას განახორციელებს რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.
გარდა ამისა, კანონპროექტით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნება 50 240,4 ჰექტრის ფართობის ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი, რომლის მართვაც დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება.
