რუსუდან კერვალიშვილი სტრასბურგში

20-21 სექტემბერს ქ. სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენცია. აღნიშნულ კონფერენციაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა.
ევროპის საბჭოში ვიზიტის ფარგლებში რუსუდან კერვალიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, გაბრიელა ბატაინი-დრაგონისთან.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალურ ასპექტებს. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივ ბაზასთან მიმართებაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.
საუბარი ასევე შეეხო ევროპის საჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის დროულ რატიფიცირებას, მისი ძალაში შესვლის მიზნით. ქალბატონმა რუსუდან კერვალიშვილმა ინფორმაცია მიაწოდა გენერალური მდივნის მოადგილეს იმის თაობაზე, რომ ქართული მხარე აქტიურად მუშაობს აღნიშნულ კონვენციასთან შიდა კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე, მისი შემდგემი ხელმოწერისა და რატიფიცირების მიზნით.
გენერალური მდივნის მოადგილემ კმაყოფილებით გაუსვა ხაზი საქართველოს ხელისუფლების სწრაფ და ეფექტიან რეაქციას ბოლო დღეებში თბილისის გლდანის მე-8 საპყრობილესთან დაკავშირებულ მოვლენებზე. კერძოდ კი, განსაკუთრებულად დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის დანიშვნას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხის მინისტრად. გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ვინაიდან გიორგი ტუღუში წლების განმავლობაში იყო ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის აკრძალვის კომიტეტის (CPT)-ის წევრი საქართველოდან და იგი კარგად იცნობს ევროპულ სტანდარტებს ამ სფეროში, აღნიშნული თავისთავად იძლევა პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების სერიოზულ გარანტიებს.
