საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინა.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასულ წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 104 598.1 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 12.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, მშპ-მ კი ერთ სულ მოსახლეზე 28 235.4 ლარი (10 296.5 აშშ დოლარი) შეადგინა.
მისივე თქმით, ძირითადი როლი ეკონომიკურ ზრდაში კერძო სექტორს ჰქონდა და მისი ბრუნვის მოცულობა 12.4 %-ით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 13.4%-ით გაიზარდა.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2025 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 27.3 ათასი პირით გაიზარდა და 839.2 ათასი შეადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, 2025 წლის ბოლოს წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 3.95% იყო.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 863.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 7 291.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (11.2%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 18 572.0 მლნ აშშ დოლარს (10.0%-ით მეტი).
მისივე თქმით, გასულ წელს მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 21.6%-ს შეადგენს.
ანგარიშის თანახმად: 2025 წელს, საქართველოს 6 856.8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 5 521.9 ათას შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 8.4%-ით მეტია; ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 4 690.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.0%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.
მომხსენებლის განცხადებით, გასულ წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.6%-ით გაიზარდა და 1 688.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 28 468 376.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.7%.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ საუბრისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ჯამში 100.7%-ია.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულებამ შეადგინა 27 723 319.2 ათასი ლარი, რაც გეგმური მაჩვენებლის 99.2%-ია.
საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მოისმინა, რომელიც საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა წარადგინა.
მოხსენების ძირითად საკითხებზე საუბრის შემდეგ, სოფიო დვალიშვილმა განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურის შეფასებით, მთავრობის ანგარიში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით უტყუარად ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციას.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე მოისმინა ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მისი განცხადებით, განახლებული პროგნოზით, მიმდინარე წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 6.3% იქნება, მომდევო წლებში კი - 5-5.5%-ის ფარგლებში.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, წელს ინფლაციის მაჩვენებელი - 4.9%-ის ფარგლებში იქნება, თუმცა მომდევნო წელს - 3%-ს დაუბრუნდება.
