საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა

მედია და საზოგადოება 11 თებერვალი 2011
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ქვეყნის მდგომარეობის, სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების, განვლილი წლის შედეგების, მომავლის გეგმების და ქვეყნის მიერ არჩეული კურსის შესახებ ისაუბრა.

გამოსვლის დასაწყისში პრეზიდენტმა პარლამენტის გარდაცვლილი წევრი, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი არსენიშვილი გაიხსენა და მის ღვაწლსა და განვლილ საქმიანობაზე ისაუბრა.

საპარლამენტო ტრიბუნაზე გამოსვლისას ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველოს მოსახლეობის სოციალურ პრობლემებსა და უმუშევრობის საკითხებზე გაამახვილა. "ხშირად ვმოგზაურობ ქვეყნის მასშტაბით და ვხვდები ყველა პროფესიის წარმომადგენელს, დასაქმებულსაც და უმუშევარსაც და დღეს მინდა ამ ტრიბუნიდან მათი სათქმელი ვთქვა, მინდა მოვიტანო მათი იმედები და მოლოდინები, ვისაუბრო მათ პრობლემებსა და გასაჭირზე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის მტკივნეულ პრობლემას გაზრდილი ფასები და გაძვირებული ცხოვრება წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე გლობალურ ეკონომიკურ პროცესებს უკავშირდება, ქვეყნის ხელისუფლება ვითარებიდან გამოსავლის გზებს  ეძებს.

"საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა თუნდაც მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ გაძვირებული ცხოვრების სიმძიმე ჩვენს ხალხს და ამ მიზნით, მიმდინარე თვიდან საქართველოს ყველა ოჯახს დაურიგდება ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერი, მარტის თვიდან კი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოსახლეობას 30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერი გადაეცემა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ აქციებზე საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილმა სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდის შეჩერების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ადგილობრივი სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარება დაასახელა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სოფლის მეურნეობის კუთხით ბოლო პერიოდში გატარდა. "იწყება მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მაღალმოსავლიანი ხორბლისა და სიმინდის თესლის ხელმისაწვდომობის გაზრდას ფერმერებსა და გლეხებისთვის. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს მაღალმოსავლიანი თესლი, ხოლო მისი საფასურის გადახდა 7 თვის შემდეგ, მოსავლის აღებიდან შემოსული თანხებით მოხდება", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის სფეროში უკვე გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო ღონისძიებებზეც ისაუბრა და ამ მხრივ ყურადღება ირიგაციის, მექანიზაციის, სასაწყობე მეურნებებსა და ლოჯისტიკურ ცენტრებზე გაამახვილა. "ჩვენ ვაპირებთ 150 მლნ. ლარით გავზარდოთ სოფლის მეურნეობის დაფინანსება, რაც საშუალებას მოგვცემს ამ დარგის დღევანდელი მაჩვენებელი 2015 წლისთვის გავაორმაგოთ", - დასძინა ქვეყნის პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი თავის გამოსვლაში ქვეყანაში უმუშევრობის საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გრძელდება ინვესტირება დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლის შედეგადაც ერთის მხრივ ვითარდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა და მეორეს მხრივ, ხდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და დამატებით ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა.

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება ტურიზმის განვითარებას დაუთმო და აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის განვითარების მიმართულებით. "ტურიზმი არის საშუალება ყველაზე მოკლე ვადებში გამოვაცოცხლოთ ეკონომიკა საქართველოს ისეთ რეგიონებში, რომლებშიც დღეს უმუშევრობა და დეპრესიაა დასადგურებული. ამიტომ სახელმწიფოს პირდაპირი მონაწილეობით და კერძო სექტორთან ინტენსიური თანამშრომლობით იქმნება ახალი კურორტები და ვითარდება ტრადიციული ტურისტური კერები. ჩვენი გეგმა ამბიციურია, მაგრამ მას აუცილებლად შევასრულებთ - 2015 წლისთვის საქართველოში წლიური ვიზიტორების რაოდენობა 5 მილიონს შეადგენს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ქვეყნის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზეც ისაუბრა და ახალი ეკონომიკური კურსის მთავარ გამოწვევებად ენერგეტიკული პროექტები და ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა დაასახელა. მისივე განცხადებით, ახალი კურსის განხორციელებისთვის არაერთი საგადასახდო პროცედურა გამარტივდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და მეწარმეთათვის ლიბერალური გარემოს შექმნას. "მეწარმის თავდაჯერებულობის ერთ-ერთი კომპონენტი არის ნებისმიერ ბიზნეს სამიანობასთან მისი ხელმისაწვდომობა და ეკონომიკის სრული გახსილობა ანუ ეკონომიკა მონოპოლიების გარეშე!", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა მაღალტექნოლოგიური წარმოების დანერგვასა და ინფორმატიკულ-გამოთვლითი მეცნიერებების ხელშეწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სულ მალე საქართველოში ამუშავდება პირველი ქართული კომპიუტერული წარმოება "ინტელის" ლიცენზიით, რომელიც მაღალტექნოლოგიურ კომპიუტერულ ნაწარმს გამოუშვებს.

პრეზიდენტი თავის გამოსვლაში განათლების სფეროს რეფორმირების საკითხსაც შეეხო და სასკოლო სისტემების განვითარების საკითხებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სკოლების კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტიზაციის პროგრამები და უახლოეს მომავალში ინტერნეტით სარგებლობის საშუალება საქართველოს ყველა რეგიონში და დასახლებაში იქნება შესაძლებელი.

მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის სფეროსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2013 წლისთვის საქართველოში 100 ახალი საავადმყოფო იფუნქციონირებს, რომელიც მთლიანად იქნება პრივატიზებული, რაც გამორიცხავს კორუფციას ჯანდაცვის სისტემაში და მაღალი დონის მომსახურებას უზრუნველყოფს. "ჩვენ ვაძლიერებთ ჯანდაცვის დაზღვევის კომპონენტს და ვცდილობთ, ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის. 2015 წლისათვის უკვე დაზღვეულ მილიონ ნახევარ ადამიანს კიდევ 1 მილიონი დაემატება და უფრო მეტი დაზღვეული ადამიანი გვეყოლება", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებზეც ისაუბრა და ცალკე გამოყო რამდენიმე სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმა. მათ შორის, სასამართლო პროცესებზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა და ახალი კონსტიტუციის დამტკიცება. პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა თანამშრომლობისკენ და სახელისუფლო შტოებს შორის კონტროლისა და ურთიერთდაბალანსების სისტემის ერთობლივად განხორციელებისკენ. მანვე გასული წლის დიპლომატიურ წარმატებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებს და აღარ არსებობს კითხვის ნიშნები, თუ ვის მხარესაა საერთაშორისო სამართალი. "ჩვენი მყარი პოზიციაა ვუერთგულოთ მშვიდობას და მშვიდობით, არაძალადობით, შენებით, განვითარებითა და რეფორმებით გავამთელოთ ის, რაც ომმა და აგრესიამ დაანგრია. ჩვენ მზად ვართ და გვსურს რუსეთთან დიალოგი, მაგრამ არასოდეს შევეგუებით საქართველოს დანაწევრებას და ჩვენი სამშობლოს ოკუპაციას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გამოსვლის დასასრულს, პრეზიდენტმა დევნილთა პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენმა თანამემამულეებმა დევნილობაშიც ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიიღონ და ამ ვალდებულების ფარგლებში მიმდინარეობს დევნილების დროებითი თავშესაფრების ნაცვლად კერძო, საკუთრებაში არსებულ ბინებში განსახლება. "მე გულისყურით და გაგებით ვეკიდები დევნილთა ყველა სატკივარსა თუ საჩივარს და ვცდილობ დავეხმარო მძიმე ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. ზრუნვისა და თანადგომის გარეშე არცერთი ლტოლვილი ოჯახი არ დარჩება!", - დასძინა პრეზიდენტმა.

ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა ერთი სიტყვით დაასათაურა და მას "მოდერნიზაცია" უწოდა. მისი შეფასებით, მოდერნიზაცია ნიშნავს გამარჯვებულ საქართველოს, სადაც ქვეყნის ინტერესების დასაცავად პოლიტიკოსები და საზოგადოება ერთ მუშტად იქნება შეკრული. ქვეყანას, სადაც პიროვნების თავისუფლებაა სახელმწიფოს ქვაკუთხედი და რომელიც დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო სისტემაში, როგორც სუვერენული და ერთიანი სახელმწიფო.

"მოდერნიზებული საქართველო ნიშნავს განვითარებული ეკონომიკის მქონე საქართველოს, სადაც არის ბევრი სამუშაო ადგილი, ღირსეული შემოსავლის წყარო, კეთილდღეობის მოპოვებისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალება. ჩვენ ერთი წუთით არ დავხრით მუხლს საქართველოს მოდერნიზაციისათვის ბრძოლასა და შრომაში. ამიტომ ჩვენ გადავლახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას და დავძლევთ ნებისმიერ სირთულეს. ჩვენ ვიმოძრავებთ მხოლოდ წინ და აუცილებლად გამარჯვებისთვის", - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა გამოსვლის დასასრულს.

  I
 II

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R