საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი განიხილა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი განიხილა, რომელიც 2026 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 50 წევრის კითხვა გაიგზავნა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 38 კითხვაზე (76%).
მისი თქმით, კითხვების 52% გაგზავნილია მთავრობაში, 32% - მუნიციპალიტეტებში, 16% - სხვა დაწესებულებებში.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში პასუხი გაცემულია 22 შემთხვევაში, ხოლო 16 შემთხვევაში - ვადის დარღვევით.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, პასუხგაცემული 38-დან 19 შემთხვევაში პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხს ხელს არაუფლებამოსილი პირი აწერდა.
„საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს და ამ ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას უზრუნველყოფს. კომიტეტი ასევე განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
