თეონა აქუბარდია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როთის“ 101-ე სემინარს დაესწრო

15-17 ნოემბერს, ქალაქ ბელგრადში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთის“ რიგით 101-ე სემინარი გაიმართა, რომელსაც პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თეონა აქუბარდია დაესწრო.
ღონისძიების მთავარი განსახილველი თემა სერბეთის რესპუბლიკის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესები და რეგიონში აქტიური პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხები იყო.
დისკუსიის ფარგლებში აღინიშნა, რომ ბელგრადის მიმდინარე საგარეო პოლიტიკური აქცენტები ფოკუსირებულია ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის ხელშეწყობაზე, ასევე, ქვეყნის ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც მიზნად ისახავს უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ღონისძიების ფარგლებში დეპუტატებმა დასავლეთ ბალკანეთში მესამე ძალების აქტივობები განიხილეს. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის და ჩინეთის აქტიური ინვესტირება სერბეთის ეკონომიკაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს და ჩინეთს აძლევს ზეგავლენის განხორციელების საშუალებას ბელგრადის მიერ დასახულ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის კურსზე.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, ასამბლეის შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოების გამოწვევების და ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ ვითარების და გამოცდილების ადგილზე გასაცნობად.
„მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კუთხით რიგ ბალკანურ ქვეყნებში რუსეთის ფედერაციის და ჩინეთის ინტერესების და აქტივობების შესახებ დისკუსია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეშლას და მისი ზეგავლენის სფეროში მოქცევას. ევროკავშირში ინტეგრაცია როგორც სერბეთის რესპუბლიკისათვის, ისევე საქართველოსათვის წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს და არის გზა როგორც კეთილდღეობის შექმნის, ასევე ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
