საქართველოს პარლამენტის წევრის, სერგო რატიანის ბრფინგი

საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა, სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან ბოხუმის უნივერსიტეტის (გერმანია) არქეოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის უძველესი და ადრეული პერიოდის ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, დოქტორ თომას შტიოლნერის წერილი გააცნო ჟურნალისტებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საყდრისი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ოქროს სამთო წესით მოპოვებისა და დამუშავების დღემდე ყველაზე ძველ მტკიცებულებას წარმოადგენს.
სერგო რატიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა დეპუტატმა კარგად გაიგოს და გააცნობიეროს საყდრისის მნიშვნელობა და მისი გადარჩენის აუცილებლობა, რომ მხარი დაუჭირონ კომისიის შექმნას.
დღესვე საყდრისის საბადოს გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტის ფოიეში ფოტოგამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის სამაროვანის ფოტოები, საყდრისის ისტორიის, სამთო-არქეოლოგიური სამუშაოების, ოქროს მოპოვებისა და მიღების მეთოდის ექსპერიმენტების ამსახველი ფოტომასალა, საბადოს ისტორიასთან დაკავშირებული ლიტერატურა და რუკები.
