დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭკუასელმა საერთაშორისო პროექტში -„აჩუქე შენი წიგნი დიასპორას“ მიიღო მონაწილეობა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭკუასელმა საერთაშორისო პროექტში -„აჩუქე შენი წიგნი დიასპორას“ ფარგლებში, საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს, ბიბლიოთეკებსა და ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს თავისი წიგნი - „როცა სარკეები აღარ იღიმებიან“, საჩუქრად გადასცა.
ქართული დიასპორისთვის წიგნის გადაცემის აქციაში მონაწიელობა დიაპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა ზაალ სარაჯიშვილმა, დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გამილაღდიშვილმა და სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა მერაბ მენაბდემ მიიღეს.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, საპარლამენტო მდივნის, ზაალ სარაჯიშვილის განცხადებით, პროექტი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მჭიდრო კულტურული კონტაქტების დამყარებას, მათ ერთიან ეროვნულ სივრცეში ინტეგრაციას და ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
„წიგნის პრეზენტაცია, 27 მაისს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ დიასპორის მეორე პროფესიონალურ ფორუმზე გაიმართა, სადაც ეს წიგნი დაურიგდა როგორც მონაწილეებს, ასევე გადაეცა რამდენიმე ბიბლიოთეკას. ფორუმზევე დაიბადა აზრი და ჩვენ შევათანხმეთ წიგნის ავტორთან, რომ დაწყებულიყო აქცია, „აჩუქე შენი წიგნი დიასპორას“ და დღეს, თემურ ჭკუასელის ავტორობით გამოცემული წიგნი ავტორმა უსასყიდლოდ გადასცა დიასპორაში მოქმედ 75 სკოლას და ბიბლიოთეკებს.“- განაცხადა ზაალ სარაჯიშვილმა.
„ეს წიგნი გამიზნულად, ემიგრაციაში მყოფი ქართველებისათვის დაიბეჭდა. მასალებიც საგანგებოდაა შერჩეული და დიასპორაში მოქმედ საკვირაო სკოლებს და ბიბლიოთეკებს გადაეცემა. ვფიქრობ აქცია, რომელსაც სამინისტრომ გაუკეთა ორგანიზება, ძალიან წაადგებათ მათ ქართული ენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ თიმურაზ ჭკუასელმა.
ორგანიზატორი, დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გეგმავს აქციის „აჩუქე შენი წიგნი დიასპორას“ ფარგლებში მოლაპარაკებები სხვა ავტორებთანაც დაიწყოს, მათ შორის მათთან, ვინც დიასპორისთვის და დიასპორის თემაზე წერს.
