იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლალი ფაფიაშვილს მოუსმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლალი ფაფიაშვილს მოუსმინა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის მონაწილეებს ლალი ფაფიაშვილის ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი 2004–2007 წლებში იყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2007 დეკემბერიდან 2017 დეკემბერამდე-საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. ლალი ფაფიაშვილი 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
პროცედურის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობას ვიღებდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და ღია პროცესში. პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო სასამართლო რეფორმის პროცესს მთლიანობაში, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ჩვენგანის, კერძო მოქალაქის ბედი, უფლებების დაცვა, დაცვის ხარისხი, მათ შორის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ზუსტად იმაზე, რამდენად სამართლიანი, ობიექტური, დროული და კანონიერი იქნება ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც სასამართლო იღებს. მე გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც უკავშირდება, ზოგადად, მოსამართლეობას, გაცნობიერებული მაქვს ის სირთულე, ტვირთი და ის ძალისხმევა, რასაც შეიძლება ითხოვდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა თითოეული მათგანისგან. იმ შემთხვევაში, თუკი მოვიპოვებ ჯერ კომიტეტის და მერე პარლამენტის მხარდაჭერას მაქსიმალურად შევეცდები ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო ამ რეფორმაში“, - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან დასმული შეკითხვები შეეხებოდა: საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელების განხილვაზე თვითგანრიდების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას; სიძულვილის ენას; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობის პერიოდში მის საქმიანობა. ასევე, ამ პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში და ზოგადად, ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას; 2003 - 2012 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობას;
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობას და ბოლო წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილულ ცალკეულ საქმეებს; სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევ კონკურსში მის მონაწილეობას; გენდერულ კვოტირებას; პოზიტიურ დისკრიმინაციას; საქართველოს კონსტიტუციის ცალკეულ მუხლებს; შეზღუდული შესაძლებლების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციას და ფაკულტატურ ოქმს; საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას; ჟურნალისტის მოწმის დაცვის უფლებას; შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპებს; კონსტიტუციონალიზმისთვის სეკულარიზმის პრინციპის მნიშვნელობას; საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და ასევე, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებს.
გასაუბრების მონაწილეები დაინტერესდნენ ლალი ფაფიაშვილის მოსაზრებით: უნდა ემყარებოდეს თუ არა პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულის შეწყალება რაიმე კრიტერიუმებს; მსჯავრდებულის შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების დროს აქვს თუ არა პრეზიდენტს ვალდებულება ახსნას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; რამდენად გამართლებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდო არჩევა; რამდენად სწორია აქტიური პოლიტიკური ფიგურების სასამართლო სისტემაში გადასვლა; თანასწორობის პრინციპის არსზე და ამ მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზების შესაძლო არსებობაზე; უნდა შეზღუდოს თუ არა სახელმწიფომ აზარტული თამაშები; რა როლი და ფუნქცია აქვს ადვოკატურას ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებაში; უნდა ისჯებოდეს თუ არა ადამიანი საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო და სხვა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობდნენ: საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების და ოპოზიციური ფრაქციების წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კოალიციის წარმომადგენლები.
სხდომის დასასრულს, ლალი ფაფიაშვილმა მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც კანდიდატს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 4 ნოემბერს გაგრძელდება.
„4 ნოემბრის კვირაში ჩვენ ვასრულებთ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს, რომელიც მიმაჩნია, რომ ნამდვილად არის უპრეცენდენტო და ისტორიული. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის მონაპოვარია, რომ ეს პროცესი შედგა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კომიტეტი, გასაუბრების პროცესის ფარგლებში, კიდევ ხუთ კანდიდატს: ნინო ქადაგიძეს, ლაშა ქოჩიაშვილს, ქეთევან ცინცაძეს, ალექსანდრე წულაძეს და გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენს. მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის რიგითობა განსაზღვრულია მათი გვარების ანბანური თანმიმდევრობით.
ამ ეტაპისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 15 კანდიდატს - თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, შოთა გეწაძეს, მირანდა ერემაძეს, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძეს, თამარ ზამბახიძეს, შალვა თადუმაძეს, ზაზა თავაძეს, ვლადიმერ კაკაბაძეს, ლევან მიქაბერიძეს, გიორგი მიქაუტაძეს, პაატა სილაგაძეს, ნუგზარ სხირტლაძეს და ლალი ფაფიაშვილს მოუსმინა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ამერიკული მოდელის მიხედვით მიმდინარეობს. პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.
