დავით საგანელიძე მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ანდრიან კანდუს და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში PABSEC-ის გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და PABSEC- ის ვიცე-პრეზიდენტი დავით საგანელიძე მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ანდრიან კანდუს და მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრ ნატალია მირჩევას შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საკანონმდებლო და ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს. დავით საგანელიძემ ასევე PABSEC-ის რეგლამენტში მის მიერ ინიციირებულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა შორის თანამშრომლობის განვითარებას.
შეხვედრაზე საუბარი საქართველო-მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესს და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის პერსპექტივას შეეხო. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრას ესწრებოდა PABSEC-ის გენერალური მდივანი ასაფ გაჯიევი.
PABSEC-ის გენერალური ასამბლეის 45-ე სხდომა კიშინიოვში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, 12 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
