ენძელა მაჭავარიანი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა

საქართველოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის იმპლემენტაციის შესახებ ისაუბრეს დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, სადაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ენძელა მაჭავარიანი გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად კვლევებისა და შეფასების სფეროში საერთაშორისო ექსპერტს, კარინ მატრასს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტზე, რომლის მიზანია გარემოს დაცვისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში, ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის ჩართულობის უზრუნველყოფა.
სტუმარი დაინტერესდა რა პერსპექტივებია ამ მიმართულებით, როგორ უნდა განვითარდეს შემდგომში ეს პროცესი და რა არის დამატებით საჭირო იმისთვის, რომ გარემოს ზემოქმედების შეფასების კოდექსი უფრო ეფექტურად განხორციელდეს. ენძელა მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ პროექტი ამჟამად ოთხ რეგიონს მოიცავს, თუმცა, კარგი იქნებოდა რომ ის მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობდეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს შემდგომი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმებზე.
