განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე ევროპელ ექსპერტებს შეხვდა

დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე ევროპელ ექსპერტებსა და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის თანამშრომლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „რეგიონალური და საერთაშორისო მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების კვლევებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ კოორდინირებით, ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამით დაფინანსებული რეგიონალური პროექტის ფარგლებში, დაიწყო „საქართველოში ეროვნული მეცნიერების, ტექნოლოგიური და ინოვაციის სისტემის დარგობრივი შერეული საექსპორტო შეფასების“ აქტივობის განხორციელება. აქტივობის ბოლოს, ევროკავშირის ექსპერტები შეიმუშავებენ ანგარიშს და წარმოადგენენ რეკომენდაციებსა და წინადადებებს.
შეხვედრაზე სტუმრები საქართველოში მეცნიერების დღევანდელი მდგომარეობით დაინტერესდნენ. კომიტეტის თავმჯდომარემ ექსპერტებს ის პრობლემები გააცნო, რომლის წინაშეც ქართული მეცნიერება და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები დგას. მან ასევე ისაუბრა სამეცნიერო ეროვნული აკადემიის სტრუქტურაზე, რომლის ცვლილებაც წინა ხელისუფლების დროს განხორციელდა.
„ქართველ მეცნიერებს მძიმე პირობებში უხდებათ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელფასები 100-120 დოლარიდან 300-400 დოლარამდე გაეზარდათ, ეს არ არის ის თანხა, რომელიც საკმარისია ადამიანის ცხოვრების ნორმალური პირობების შესაქმნელად, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, შეღავათია იმ ანაზღაურებასთან შედარებით, რაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ“, - განაცხადა ივანე კიღურაძემ.
ივანე კიღურაძემ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული რიგი პრობლემებიც გააცნო სტუმრებს. როგორც უცხოელმა ექსპერტებმა აღნიშნეს, პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ტრეინინგი ჩატარდება, რომელიც დაეხმარება მეცნიერებს პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ.
