მანანა კობახიძე ლაიდენის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

დღეს, საქართველოს პარლამენტმა ჰოლანდიელ სტუდენტებს უმასპინძლა. ლაიდენის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა: ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაზე; ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე და საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე; გენდერულ საკითხებზე, მათ შორის ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე; ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე; საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე; საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე; დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და სხვა.
როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის მოსახლეობის არჩევანია და არა რომელიმე ერთი ან რამდენიმე პარტიის. მისი თქმით, საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტით ახალი შესაძლებლობები მისცა ქვეყანას. „ჩვენ ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, რომელიც უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ შესაძლებელი გახადა ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შეტანის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებს სტანდარტების შესაბამისი კონკურენტული პროდუქტი უნდა მივაწოდოთ, რაც არ არის ადვილი. საჭიროა ფერმერების გადამზადება, რაშიც ევროკომისია და შესაბამისი ორგანიზაციები ძალიან გვეხმარებიან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მანანა კობახიძის თქმით, ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი საგარეო პრიორიტეტია. „ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით ნატოსთან ურთიერთობის მხრივ. გავხსენით ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ძალიან ვაფასებთ მოკავშირეების მხრიდან ღია კარის პოლიტიკას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების დარღვევაა. მისივე თქმით, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების გაბმა და სოფლების ორად გაყოფა.
„ჩვენ მივისწრაფვით ნატოსკენ, მაგრამ არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ ვართ. ჩვენ გვინდა ნატოს მხარდაჭერა მშვიდობის შენარჩუნებაში. მთავარი მიზანია ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენა და დამყარება. მათთვის საშიშროება არ არსებობს და ამ გზავნილის მათთან მიტანა მნიშვნელოვანია. რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენი გადასაწყვეტია, რომელ ორგანიზაციაში გავერთიანდებით. ჩვენი რეფერენდუმიც მოწმობს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვართ. სამწუხაოდ, 2008 წელს ჩვენ ღია აგრესიის წინაშე ავღმოვჩნდით. ამიტომ, ჩვენი სურვილია ყველაფრის მშვიდობიანად მოგვარება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მანანა კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა უფლებების დარღვევის საკითხებზე და ამ პრობლემების გამოსწორების მიზნით ხელისფლების მიერ განხოციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
მისი თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები რჩება. „ბიზნესს მეტი გარანტიები სჭირდება რომ შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და აღმოიფხვრას უმუშევრობა. მთიან რეგიონებში კვლავ რჩება ინფრასტუქტურული პრობლემები. აუცილებელია საგანმანათლებლო სისტემის განვითარება, მათ შორის, პროფესიული განათლების კუთხითაც“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას, მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიის კიდევ ერთ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს და ქვეყანას ამის სრული პოტენციალი აქვს. „საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ 2016 წელს ჩავატაროთ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ამისთვის მოვიწვიეთ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მონიტორინგის ჯგუფები და დამკვირვებლები. არჩვევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში. სახელმწიფო ყველა პარტიას აძლევს საშუალებას მათი გზავნილები ამომრჩეველთან მკაფიოდ მიიტანოს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მანანა კობახიძემ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა. პარლამენტში ვიზიტის დროს, ლაიდენის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საექსკურსიო ტური გაიმართა.
ლაიდენის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები ევროპული სტუდენტური ფორუმის (AEGEE) წევრები არიან. ევროპული სტუდენტური ფორუმი 10 ათასამდე სტუდენტს აერთიანებს 200-ზე მეტ ქალაქში. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების კულტურათაშორის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას. ევროპულმა სტუდენტურმა ფორუმმა ჰოლანდიელი სტუდენტებისთვის საზაფხულო პროგრამა ამჯერად თბილისში, ლაგოდეხსა და ბათუმში დაგეგმა. მოგზაურობის მიზანი ქართული კულტურის, ისტორიის და კანონშემოქმედებითი საქმიანობის ახლოს გაცნობაა.
