საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ საყვარელიძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფრიდონ საყვარელიძემ შეხვედრა პარლამენტის აპარატის იმ სტაჟიორებთან გამართა, რომლებიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სტაჟირებას გასული წლის დეკემბრიდან გადიან.
დეპუტატი სტაჟიორებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მუშაობის სპეციფიკაზე ვრცლად ესაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტი შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს, ასევე ადგენს, რამდენად შესაბამისობაშია ესა თუ ის საკანონმდებლო ცვლილება კონსტიტუციასთან, ნორმატიულ აქტებთან, რეგლამენტთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან. მისივე თქმით, კომიტეტი კონტროლს უწევს პარლამენტის წევრების მიერ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებას და სათანადო რეაგირებისთვის საკითხს ბიუროს წინაშე აყენებს.
ახალგაზრდებთან საუბრისას, ფრიდონ საყვარელიძე, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებსაც შეეხო და ყურადღება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა. პარლამენტის წევრმა სტაჟიორებს დეტალურად გააცნო ვადამდელი არჩევნების გამართვის წესი და პროცედურები. მისი თქმით, კონსტიტუციური ვადის ამოწურვამდე არჩევნების ჩატარება ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის და სასურველია, იგი კანონით გაწერილ და დადგენილ დროს გაიმართოს.
შეხვედრის ბოლოს, დეპუტატმა სტაჟიორთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც აქტუალური პოლიტიკური საკითხების გარდა განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს, ახალ ტექნოლოგიებსა და მისგან გამომდინარე შექმნილ გამოწვევებს შეეხებოდა.
სტაჟირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2015 წელს პარლამენტს 24 სტაჟიორი ჰყავს, რომლებიც სტაჟირებას პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქურულ ერთეულში გადიან. სტაჟიორები საპარლამენტო საქამიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი, ისინი კომიტეტების სხდომებს ესწრებიან და დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკასაც ეცნობიან.
სტაჟირების პროცესი პარლამენტის ცალკეული კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რომელთა ორგანიზებას საკადრო საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს.
