თეიმურაზ ჭკუასელის შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, ილიანა დერილოვასთან

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭკუასელი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ილიანა დერილოვას შეხვდა, სადაც საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობაზე, მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე და შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ინიციატივით გაიმართა. ილიანა დერილოვამ, კომიტეტის თავმჯდომარეს ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებით - საქმიანობები გააცნო.
„ჩვენი მიმართულებებია მიგრაცია და განვითარება და დიასპორის ადამიანური კაპიტალის გამოყენება. გვაქვს დროებითი მივლინების პროგრამები, ჩამოდიან დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოში თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ შესაბამის სტრუქტურებს. ასევე, ორგანიზაციის საშუალებით ხდება მოთხოვნა-მიწოდების დაკავშირება. ორგანიზაციის ხელშეწყობით 60-მდე დროებითი მივლინება განხორციელდა სხვადასხვა ქვეყნების ქართული დიასპორის წარმომადგენლებისგან. სამინისტროსთან ერთად შევქმენით დიასპორული ვებპორტალი. ეს არის დიასპორასთან ურთიერთობის ვირტუალური სივრცე ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სამეცნიერო მიმართულებით“, - აღნიშნა სტუმარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ეს არის ერთ-ერთი სასარგებლო და ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს. მათი ძირითადი მიზანია ჩვენი წარმომადგენლები საქართველოში დააბრუნოს. ამ მხრივ მათ სერიოზული შედეგი აქვთ. მხოლოდ საბერძნეთიდან წელს 500 ადამიანი დააბრუნეს. მთელი მუშაობის პერიოდში ეს ციფრი 2000-ს აჭარბებს. ეს ძალიან შთამბეჭდავია. მე მასთან მქონდა კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მივიღე. შეხვედრაზე ჩვენ ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განვიხილეთ“, - განაცხადა თეიმურაზ ჭკუასელმა.
