საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ანხუის პროვინციის სახალხო კონგრესის დელეგაციას შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ანხუის პროვინციის სახალხო კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში ძირითადად გაცნობითი ხასიათისაა. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის და ასევე, პარლამენტის ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, დავით საგანელძესთან შეხვედრისას, ჩინელმა სტუმრებმა საქართველოსთან ახალი ურთიერთობების პერსპექტივებზე და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.
ანხუის პროვინცია ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი და ეკონომიკურად კარგად გავითარებული მხარეა, ამასთან, ესაა მრავალი საყოველთაოდ ცნობილი ფილოსოფოსისა და პოეტის სამშობლო. დელეგაციის წევრების განცხადებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან დარგებად მანქანათმშენებლობა, საგამომცემლო საქმიანობა, ტურიზმისა და კულტურის სფეროები მიაჩნიათ.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც შედიან, რომლებიც ინტერესით ეცნობიან საქართველოს და მომავალი შეხვედრისათვის თავიანთ საქმიან წინადადებებს მოამზადებენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ანი მიროტაძე, თამაზ ავდალიანი და გელა სამხარაული.
