ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ წერეთელმა ტყიბულის მაღაროელთა პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავს, ვიდრე მდგომარეობა ქაოსური გახდება, აქტიურად და დროულად მოახდინოს რეაგირება ტყიბულის მაღაროს მუშა-მოსამსახურეთა პრობლემებზე. „თუ ტყიბულის მაღაროელთა მოთხოვნები არ იქნა დროულად რეაგირებული, შეიძლება მდგომარეობა სოციალურ კრიზისამდე მივიდეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს სოციალური პარტნიორობის კომისია, რომლის ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრი ითვლება, მაგრამ ეს ფუნქცია დელეგირებული აქვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს. „ვთხოვ მთავრობას, სასწრაფოდ გააქტიურდეს, მოხდეს საკითხის განხილვა, კომისიამ დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან ერთად იმსჯელოს, შეჯერდნენ ისე, რომ არ დაირღვეს არც მუშა-მოსამსახურეების და არც დამსაქმებელი კომპანიის უფლებები“, - განაცხადა მალხაზ წერეთელმა.
მისი ინფორმაციით, ტყიბულის მაღაროელთა შრომის პირობები მძიმეა, დარღვეულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, დამსაქმებელი კომპანია ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატს არ გასცემს, დროებითი შრომისუუნარობის დღეებს არ ანაზრაურებს, დაცული არ არის შრომის უსაფრთხოების პირობები, რაც მისივე თქმით, არაერხელ გამხდარა მაღაროელთა დაღუპვის მიზეზი. „მოგეხსენებათ, რამდენად სარისკოა მაღაროში მუშაობა, ეს ადამიანები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ასრულებენ თავიანთ სამუშაოს“, - განაცხადა დეპუტატმა.
მისი ინფორმაციით, 8 იანვარს ტყიბულის მაღაროელებმა წერილობით მიმართეს კომპანიის ხელმძღვანელობას, თუმცა წერილზე რეაგირება არ მომხდარა. დეპუტატმა გაიხსენა ჭიათურის მაღაროელების მიმართ მთავრობის მხრიდან გამოჩენილი გულისხმიერება, როცა ისინი 20 იანვრიდან 4 თვით საწარმოდან დაითხოვეს.
„სახელმწიფომ იმუშავა კომპანიასთან, პროფკავშირები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად მოხდა ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც მისაღები გახდა ჭიათურის მაღაროელებისთვის. სწორედ ასეთი აქტიურობაა ახლაც საჭირო“, - განაცხადა მალხაზ წერეთელმა.
