თინათინ ხიდაშელი სან-ფრანცისკოში, „თანამეგობრობის კლუბში“ სიტყვით გამოვიდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინათინ ხიდაშელის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.
საქართველოს პარლამენტის წევრი სან-ფრანცისკოს წამყვან ორგანიზაციაში, „თანამეგობრობის კლუბში“ თემაზე - "ახალგაზრდობის და ქალების მეტი ჩართულობის მნიშვნელობა დემოკრატიისათვის" სიტყვით გამოვიდა. ამ საკითხზე გამართული დისკუსია მომავალ კვირას "თანამეგობრობის კლუბის" ტოკშოუს განხილვის მთავარი თემა იქნება.
როგორც სიტყვით გამოსვლისას თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, სოციალური მედია ყველა პოლიტიკოსისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის, ზოგიერთი მათგანი მას აქტიურად იყენებს, ზოგიერთი კი - არა. "მე, პირადად, სოციალური მედია პოლიტიკოსების გახსნილობის, გულწრფელობის ნიშნულად ვაქციე. დღევანდელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი საშუალება მოგვეცა, ჩვენს მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგი გვქონდეს, მოვისმინოთ მათი წუხილი, პრაქტიკულად, მუდმივად ცოცხალი კონტაქტი გვქონდეს. დღეს შეგვიძლია თითოეული ჩვენი ამომრჩევლის, თუკი მას ამის სურვილი ექნება, სამზარეულოში დიალოგების თანამონაწილე ვიყოთ. როდესაც უარს ამბობ ამ შესაძლებლობაზე, იმალები სოციალური სივრცისგან, ვფიქრობ, სრულიად გაუგებარია და ერთგვარად არათავსებადიც XXI საუკუნის მოთხოვნებთან. ამასობაში, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნიკაციის ამ არხის მონოპოლიზაციის საშუალება არ უნდა მივცეთ ერთ რომელიმე ჯგუფს და უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან, მეტი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთან შევძლოთ კავშირი. ეს კი ორმხრივი პროცესია და ამას მხოლოდ პოლიტიკოსები ცალმხრივად ვერ შევძლებთ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა.
თინათინ ხიდაშელის თქმით, იმისათვის, რომ ტექნოლოგიური სიახლეების სიკეთით საზოგადოების ყველა ფენამ ისარგებლოს, პოლიტიკოსების უპირველესი საზრუნავი განათლების ხელმისაწვდომობა და სიღარიბესთან ბრძოლა უნდა იყოს. „დისტანცია, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, კონკრეტული კულტურული მიუღებლობის მქონე საზოგადოებების გარდა, ყველაზე მეტად იყოფა არა გენდერულ, ან ასაკობრივ კატეგორიებად, არამედ განათლებასა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობაზე გადის. იმისთვის, რომ ტექნოლოგიური სიახლეების სიკეთით ისარგებლოს ყველა ფენამ, პოლიტიკოსების უპირველესი საზრუნავი განათლების მეტად ხელმისაწვდომობა და სიღარიბესთან ბრძოლა რჩება, ვინაიდან ამ ორ კომპონენტში პროგრესის გარეშე, ეს დისტანცია კიდევ უფრო გაიზრდება და გვეყოლება საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც მუდმივად იქნება მოსარგებლე თანამედროვე ტექნოლოგიებით და განვითარების ყველა ეტაპზე სულ უფრო მაღალ საფეხურზე აიწევს და სამწუხაროდ, გვეყოლება მოსახლეობის ისეთი ნაწილიც, რომლისთვისაც წიგნიც კი არ იქნება ხელმისაწვდომი'“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა.
თინათინ ხიდაშელის სამუშა ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
