ვიქტორ დოლიძე ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის'' საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეექვსე შეხვედრაზე იმყოფება

20 აპრილს, ლუქსემბურგში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართა, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის რანგში, სიტყვით ვიქტორ დოლიძე გამოვიდა. მან დამსწრეთ ერევანში გამართული საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ ინდივიდუალურ, დიფერენცირებულ მიდგომებს მხარს უჭერს და სრულად იზიარებს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებებს. მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და ასამბლეის რუსეთისადმი მოწოდება გააჟღერა - გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან, შეწყვიტოს სამხედრო აგრესია მეზობელი ქვეყნის მიმართ და სეპარატისტების დახმარება, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ცხინვალთან და სოხუმთან ხელმოწერილ ე.წ. სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებებს, რომელიც რეგიონულ უსაფრთხოებას და ჟენევის პროცესს მხოლოდ აზიანებს და არ მოქმედებს დადებითად ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე.
ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რიგის მოახლოებული სამიტის მნიშვნელობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი განვითარებისა და დაინტერესებული ქვეყნების ევროკავშირში პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. მისი თქმით, საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ამ ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი თავმჯდომარეობდა.
მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი პარტნიორი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა. მინისტერიალს ესწრებოდნენ ასევე ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლები.
