ვიქტორ დოლიძე ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) 52-ე პლენარულ სხდომაში მონაწილეობს

31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ლატვია ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) 52-ე პლენარულ სხდომას მასპინძლობს.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კოსაკის საპრეზიდენტო ტროიკის სპეციალური მოწვევით, ყოველწლიურ ღონისძიებაზე, დამკვირვებლის სტატუსით არის წარდგენილი.
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ დოლიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც ევროპული პერსპექტივისა და ვიზალიბერალიზაციის დროული მიღწევისათვის აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების ყურადსაღები საკითხები გამოკვეთა. ქართველმა წარმომადგენელმა ევროკავშირის მკაფიო და დროული მოქმედების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ერთ დროს ოკუპირებული ლატვია დღეს ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა. იმედი მაქვს ამ მიზანს თანმიმდევრულად მიაღწევს ოკუპირებული საქართველო, უკრაინა და მოლდოვა“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ თავისი გამოსვლის დასასრულს.
კოსაკის პლენარულმა სხდომამ ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ეროვნული პარლამენტების საყურადღებოდ დასკვნითი დოკუმენტი მიიღო. საბოლოო დეკლარაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა და ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დანერგვის მიმართულებით საქართველოს მიღწევებია გამოკვეთილი.
