საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც კანონმდებლებს გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა გააცნო.
ვიდრე მომხსენებელი ტრიბუნაზე გამოვიდოდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახური დღეს კარგად მუშაობს თუმცა, ამავე დროს არსებობს გამოწვევებიც.
„2019 წლის ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით სახელმწიფო აუდიტმა გაზარდა და თითქმის 87% შეადგინა, ანუ, აუდიტით მოცული იქნა თითქმის 12 მილიარდ ლარზე მეტი, ნაერთი ბიუჯეტის, ეს არის უდაოდ კარგი მაჩვენებელი და ეს მოჩანს მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან. ასევე მინდა ვთქვა, რომ დღეს სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს დამოუკიდებლობა, პროფესიონალი8ზმი, ობიექტურობა, კეთილსინდისიერება და საზოგადოების ინფორმირება, რისი საყრდენიც შექმნა ამ მოწვევის პარლამენტმა იმ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც შეტანილია აუდიტის სამსახურის შესახებ კანონში და ასევე პარლამენტის რეგლამენტშიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოსტულატებია, რომლითაც დღეს აუდიტის სამსახური ხელმძღვანელობს.
ამავე დროს იზრდება გაცემული რეკომენდაციების რაოდენობაც, 2019 წელს 1067 რეკომენდაციაა გაცემული სახელმწიფო აუდიტისგან. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება გაცემულ რეკომენდაციებზე“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა აუდიტის სამსახურის საქმიანობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტზე და განაცხადა, რომ მეორე წელია პარლამენტის მიერ მტკიცდება დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი აუდიტორული კომპანია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის ფინანსურ საქმიანობას შეისწავლის.
„თქვენ გახსოვთ, რომ მანამდე საპარლამენტო ჯგუფი მტკიცდებოდა სესიაზე, რომელიც სწავლობდა მის საქმიანობას. დღეს საერთაშორისო სტანდარტებით ვაკეთებთ ამას. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სამსახურის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში შეამოწმა „დელოიტ და ტუშმა“ და გასცა უპირობო დასკვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გამოვლენილა არსებითი შეცდომები და მიუთითებს რომ აუდიტის სამსახურს ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების მიმართულებით პრობლემები არ აქვს და ეს საქმიანობა გახორციელებულია მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე“.
გენერალურმა აუდიტორმა, ერეკლე მექვაბიშვილმა ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია რამოდენიმე მიმართულება დამოუკიდებლობის და მანდატის გაძლიერების კუთხით, „პირველ რიგში „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ კანონმა მიიღო ორგანული კანონის სტატუსი და ჩვენ საშუალება გვაქვს პირდაპირ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ასევე, ჩვენს საქმიანობას მეორე წელია ამოწმებს დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორი, ამ ეტაპზე დიდი ოთხეულიდან კონკურსის წესით შერჩეულია „დელოიტ და ტუში“, ეს განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შედეგად, და მეორე წელია ჩვენი საქმიანობა არის დადებითად შეფასებული და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, - განაცხადა ერეკლე მექვაბიშვილმა. .
ამის შემდეგ, მან წარადგინა აუდიტორული საქმიანობის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ გასულ წელს სამსახურმა შეძლო 70 აუდიტის დასრულება, ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელმა ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია და 12 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა.
მომხსენებლის თქმით, აუდიტის სამსახურის ძირითადი პროდუქტია აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციები და მათი შესრულებით მოტანილი სარგებელი, რომელიც გამოიხატება საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასა და მოქალაქეებისთვის ღირებულების შექმნაში.
ერეკლე მექვაბიშვილის თქმით, 2019 წელს ათასზე მეტი რეკომენდაცია გაიცა.
სამსახურმა შექმნა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, რომელსაც რეკომენდაციების გაცემის, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესი სრულად გადაჰყავს ელექტრონულ სივრცეში და უზრუნველყოფს აუდიტის ობიექტებთან პროაქტიულ კომუნიკაციას, პროცესების ავტომატიზაციასა და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვას.
ანგარიშში წარმოდგენილია აუდიტორული საქმიანობის ძირითადი შედეგები, რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. ძირითადი პარტნიორების - საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ჩართულობა; საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.
ინფორმაცია შიდა მმართველობისა და ორგანიზაციული კულტურის თაობაზე, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე. მომხსენებელმა ისაუბრა მომავლის გეგმებზე და არსებულ გამოწვევებზე.
ანგარიშის დასრულების შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების კითხვებს. კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა ცნობად მიიღო მოსმენილი ანგარიში, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
კომიტეტმა განიხილა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები, რომელიც III მოსმენით ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა წარმოადგინა.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხო საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დღგ-ის მარეგულირებელ ყველა დებულებას, განისაზღვრება დღგ-ით დაბეგვრის ზოგადი პრინციპები და განიმარტება გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა დღგ-ის მიზნისთვის.
სხდომაზე ასევე III მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ და თანმხლები კანონპროექტები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ გამოიტანა.
კანონპროექტით წესრიგდება საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქართველოში დაფუძნებასთან და მართვასთან, აგრეთვე მათ მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.
კანონპროექტის საფუძველზე ასევე განისაზღვრება პირობები, რომლებიც, თანაბარი მოპყრობის პრინციპის გათვალისწინებით, დაარეგულირებს უცხოური საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში.
პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც კომიტეტმა დღეს განიხილა ითვალისწინებს, რომ საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან პენსიონერები ყველა სარჩელზე. ამით შესაძლებელი გახდება საპენსიო ასაკს მიღწეული პირის კონსტიტუციური უფლების რეალიზება, რომ მათ საკუთარ უფლებათა დასაცავად თავისუფლად მიმართონ სასამართლოს.
კომიტეტმა შესაძლებლად მიიჩნია სასამართლო ბაჟისგან პენსიონერთა განთავისუფლება მხოლოდ პენსიასა და სხვა სოციალურ გასაცემლებთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში. სწორედ ამ დათქმით დაუჭირა კომიტეტმა მხარი შემოთავაზებულ კანონპროექტს.
პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, სოფიო კილაძის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის, თამარ ხულორდავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმხლები თხუთმეტამდე კანონპროექტი წარმოადგინა კომიტეტში განსახილველად დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მისი განმარტებით, შრომის კოდექსის რეფორმის კანონპროექტით რეგულირდება აქამდე დაურეგულირებელი ან არასრულყოფილად რეგულირებული შრომით სამართლებრივი საკითხები.
ეროვნული კანონმდებლობის ევროპული კავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი გულისხმობს შემდეგი საკითხების მოწესრიგებას: დისკრიმინაციის აკრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები; სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული სამუშაო განაკვეთი; სამუშაო დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური სამუშაო; ცვლაში მუშაობა; ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზღაურებადი შვებულების უფლებას; შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი; მასობრივი დათხოვნა; საწარმოთა გადაცემა; გაფიცვის უფლება; კოლექტიური შრომითი მედიაცია; ინფორმაცია და კონსულტაცია სამუშაო ადგილზე; შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება.
საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის, პროფესიული კავშირების, ბიზნეს ასოციაციის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები
მომხსენებელმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს. მას ასევე გადაეცა კანონპროექტთან დაკავშირებით საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წერილობით ფორმულირებული შენიშვნები.
პარლამენტის წევრის რომან კაკულიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმხლები კანონპროექტები თავად ინიციატორმა გამოიტანა განსახილველად.
რომან კაკულიამ კოლეგებს მიმართა, რომ განსახილველად გამოაქვს კანონპროექტი, რომელიც იქნება გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის რეალურად შესაქმნელად. ისაუბრა რამ განაპირობა ამ ცვლილებების საჭიროება კონკრეტული მაგალითების საშუალებით.
პროექტი ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას.
მომხსენებელმა სლაიდები წარმოადგინა და დეტალურად ისაუბრა პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ „კანონპროექტის მიღების შედეგად მივიღებთ აღსრულების მყარი მექანიზმების მქონე კანონს - რაც გაზრდის კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას, ეს კი საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყნის საბაზრო სტრუქტურაზე, ეკონომიკური აგენტების საქმიანობასა და სამართლიანი კონკურენტული გარემოს ფორმირებაზე“.
კომიტეტმა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს.
პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ და თანმხლები კანონპროექტები წარმოადგინა პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ.
კანონპროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
ყველა დანარჩენ დეტალებს და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის სტრატეგიას, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეიმუშავებს მთავრობა. თუკი მთავრობა სტრატეგიიდან გამომდინარე შექმნილ სამოქმედო გეგმაში დაამტკიცებს ღონისძიებებს, რომლებიც საბიუჯეტო რესურსს მოითხოვს, მხოლოდ ამ შემთხვევაში, მთავრობის ამ გადაწყვეტილებით იარსებებს საბიუჯეტო დაფინანსების გავლენა-საჭიროება.
მომხსენებლის განმარტებით, სოციალური მეწარმეობის განვითარება არის ის მიდგომა, რომელიც სულ უფრო მეტად ვრცელდება და მკვიდრდება განვითარებულ ქვეყნებში. სოციალური მეწარმეობის მეშვეობით წყდება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ჩვეულებრივი ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესო სფეროებში, იქნება ეს მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა თუ სოციალური სერვისები.
კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, და მისი თანმდევი კანონპროექტები ასევე მერაბ ქვარაიამ გამოიტანა კომიტეტზე განსახილველად.
წარმოდგენილი კანონპროექტი უკავშირდება დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვას და ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თხუთმეტამდე მუხლში. ზაზა გაბუნიას თქმით, „კანონპროექტის მიღებით კანონით დარეგულირდება რიგი ქმედებები, განისაზღვრება სამართალდარღვევად და დაწესდება შესაბამისი ჯარიმები, გაუმჯობესდება საჯარიმო ქვითრის ჩაბარების წესი, ჯარიმების აღსრულებასთან დაკავშირებული მექანიზმი გაცილებით მოქნილი და ეფექტური გახდება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის წესების გაუმჯობესებას.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს მოისმინა სსიპ საპენსიო სააგენტოს 2019 წლის ანგარიში, რომელიც საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ წარმოადგინა.
ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის, საშტატო განრიგის, ბიუჯეტის და კადრების დაკომპლექტების, ასევე სააგენტოში შექმნილი საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის შესახებ. მომხსენებელმა ისაუბრა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ანდა სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესზე; ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან საპენსიო შენატანებზე სარგებლის დარიცხვის შესაძლებლობაზე. ყურადღება გაამახვილა საპენსიო სააგენტოს რისკების შეფასების, დაგროვებითი საპენსიო სქემის განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხედვაზე და შესაბამის რეკომენდაციებზე.
დეპუტატებმა გამოთქვეს მოსაზრებები და დასვეს შეკითხვები.
კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო.
