დავით სონღულაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა მიმოიხილეს. ისაუბრეს ტურიზმის, მწვანე ენერგიის მიმართულებით საქართველოს პოტენციალისა და ვაჭრობის განვითარების კუთხით ხელსაყრელი მდებარეობის შესახებ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე და ხაზგასმით აღნიშნა მისი მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპისთვის.
იაპონიის ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატა და კომიტეტის თავმჯდომარეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების და გამყარების შესაძლებლობები.
