ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა ცნობად მიიღო

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში წარადგინა.
გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და ხარჯვით ნაწილზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ეკონომიკის საშუალო ზრდა დაგეგმილზე მაღალია - 9.1%. როგორც მან აღნიშნა, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლის მიუხედავად, 2026 წლის პირველ კვარტალში ინფლაცია დაგეგმილზე მეტია, რაც საწვავზე ფასების გაძვირებამ და საგარეო ფაქტორებმა განაპირობეს.
რაც შეეხება საგარეო სექტორს და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ამ მიმართულებებზე დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, რაც ფინანსურ მაჩვენებლებზეც აისახა.
„2026 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 6 768.5 მილიონი ლარით განისაზღვრა. საანგარიშო პერიოდში 6 942.2 მილიონი ლარი იქნა მობილიზებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.6%-ია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებზე, გრანტებზე, პრივატიზაციიდან მიღებულ შემოსავლებსა და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა და კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა.
გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ათვისებამ 96% შეადგინა, მათ შორის, სოციალური პროგრამები - 99%, ხოლო ჯანდაცვის პროგრამები - 98.5%-ით შესრულდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა დადებითად შეაფასეს და წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს.
