ხატია დეკანოიძე აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.
როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი, უკრაინაში მიმდინარე ომს და საქართველოში უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებს შეეხო.
„ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, უკრაინის კონტექსტში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ელჩს აინტერესებდა ჩვენი პოზიცია. ჩვენ საელჩოს წარმომადგენლებს და ელჩს გავაცანით, როგორ ვხედავთ უსაფრთხოების პრობლემებს ქვეყანაში, როგორია ჩვენი გამოწვევები. კონკრეტულ დეტალებზე ვერ გაგესაუბრებით, მაგრამ ჩვენი პოზიცია აინტერესებდა საქართველოს კონტექსტში, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა არის ის, რომ ჩვენს ძალიან ახლო პარტნიორ ქვეყანაში არის უმძიმესი არა მხოლოდ კრიზისი და ომი, არამედ მკვლელობა და გენოციდი, რომელსაც სჩადის პუტინი. ელჩმა გამოხატა გულისტკივილი მარიუპოლში მომხდარ უმძიმეს ფაქტზე. ჩვენი საუბარი შეეხებოდა საქართველოში არსებულ გამოწვევებს და ამ გამოწვევებთან პარტიის დამოკიდებულებას,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატი თინა ბოკუჩავა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.
