მარიამ ჯაში: ევროპული სამართლის სპეციალისტების აღზრდა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გაეროსთან აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციის EPLO-ს დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ ფლოგაიტისს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.
როგორც მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, European Public Law Organization (EPLO) - ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაცია 17 ქვეყანას აერთიანებს და ათენში მოქმედი ცენტრალური ოფისის გარდა, მუდმივი ფილიალები აქვს რომსა და ლისაბონში.
დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით EPLO საქართველოში გახსნის რეგიონალურ ფილიალს, რომელსაც ამიერკავკასიის მასშტაბი მიენიჭება.
„ბატონ ფლოგაიტისს აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება საერთაშორისო სამართალში, კერძოდ ევროპულ სამართალში. წლების მანძილზე ის გახლდათ საბერძნეთის როგორც ევროპულ საქმეთა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, EPLO-ს ფილიალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდება და მჭიდროდ ითანამშრომლებს კავკასიის უნივერსიტეტთან.
„განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მხარს დაუჭერს EPLO-ს რეგიონალურ წარმომადგენლობას და ერთობლივ პროექტებს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად განხორციელდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ნებისმიერ ინიციატივას, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან, როგორიც გახლავთ ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაცია. EPLO არის სპეციალიზებული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული საჯარო სამართლის სპეციალისტების მომზადებას. ევროპული სამართლის სპეციალისტების აღზრდა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მარიამ ჯაშმა ხაზი გაუსვა საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განსაკუთრებულ წვლილს EPLO-სთან თანამშრომლობის პროცესში და აღნიშნა, რომ იოსებ ნანობაშვილი გვერდში უდგას და ხშირად არის საქართველოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების ინიციატორი.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარდაჭერა აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის მხრიდან, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში განსაკუთრებით გაფართოვდა თსუ-ის საერთაშორისო თანამშრომლობები როგორც უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების კუთხით.
და ბოლოს, კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით მისასალმებელია, რომ საჯარო უნივერსიტეტთან ერთად EPLO-სთან აქტიურად ითანამშრომლებს კავკასიის უნივერსიტეტი და რექტორი კახა შენგელია, რომელიც 70-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი უნივერსიტეტების რექტორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტია.
EPLO-ს რეგიონული ფილიალი საქართველოში სავარაუდოდ 2020 წლის დასაწყისში გაიხსნება.
