დავით მათიკაშვილი და შალვა კიკნაველიძე ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტად იმყოფებიან.
დეპუტატებმა სტუმრებს საქართველოს პარლამენტის სტრუქტურა გააცნეს. შეხვედრაზე საკანონმდებლო პროცესის მიმდინარეობაზე, ასევე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ტაჯიკეთის დელეგაცია კანონშემოქმედებითი საქმიანობის გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა. ისინი ასევე დაინტერესდნენ ანტიდისკრიმინაციული კანონით“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
„ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს გავუზიარეთ ის გამოცდილება, რომელიც 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისა და იმპლემენტაციის შედეგად გვაქვს. ისინი აღნიშნულ კანონს თავის ქვეყანაში ამუშავებენ. ავუხსენით ამ კანონის მოქმედება რეალურ დროში რეალურ პირებთან მიმართებაში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
