პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტი სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
ცვლილება ითვალისწინებს 2026-2027 და 2027-2028 სასწავლო წლების დასაწყისისთვის, სახელმძღვანელოების სრულად ჩანაცვლებამდე, ცალკეული კლასებისა და საგნებისთვის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას. შესაბამისად, ყველა სახელმძღვანელოს ჩანაცვლებამდე, სასწავლო პროცესში კვლავ გამოიყენება რეფორმის დაწყებამდე მოქმედი გრიფმინიჭებული ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები.
