პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინეს. მინისტრი პარლამენტის წინაშე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე წარდგა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეკითხვები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატების სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესყიდვის შესაძლებლობებს, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამებს და მათ ლიმიტებს, ასევე შშმ პირებისთვის დიაგნოსტიკურ და კლინიკო-ლაბორატორიულ მომსახურებებს შეეხებოდა.
საპარლამენტო ფრაქციის კითხვები ასევე შეეხებოდა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის არსებულ მდგომარეობას, მედიკამენტების რეფერენტულ სახელმწიფო პროგრამას, ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვას და სხვა.
„ჩემი მიზანი და სურვილია, მშობლებთან ერთად ვიმუშაოთ და მივიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი, რათა გავაუმჯობესოთ მკურნალობის ეფექტიანობა თითოეული პაციენტისთვის. ამაზე სამინისტრო მუშაობას განაგრძობს, ეს დღეს არ დაწყებულა, ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრეა დაწყებული, ვიდრე ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი ამ საკითხით დაინტერესდებოდა. არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად გულშემატკივრობენ და უთანაგრძნობენ პაციენტებს, მათ რიგებში ვართ ჩვენც. სამინისტროში მანამდე დავინტერესდით და იმ დროიდან დავიწყეთ მუშაობა, როცა ეს საკითხი არავის ინტერესის სფეროში არ იყო, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა. საგანგებოდ უნდა ითქვას, ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება, თუმცა კი მარკეტინგულ მაღალ ინტერესს განაპირობებს მათთვის, ვინც ხელის მოთბობას ცდილობს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე კითხვები არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ მის მიმართ არასწორი მოლოდინი არ გაჩნდეს.
„ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ამ მედიკამენტების ფუნქცია არის გადაავადოს ეტლის საჭიროება. თავისთავად ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესახებ. არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტზე გვქონდეს არასწორი მოლოდინი. უდავოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელსაც მედიკამენტი მოიტანს, უბრალოდ საჭიროა ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს და სასიცოცხლო საფრთხეებს არ ქმნიდეს. პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, არამედ ბავშვს უშველის სწორი და რეალური წამალი. იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტი, რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი. როგორც კი გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას“, - აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ ონკოპაციენტების საკითხზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მხოლოდ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ონკოპაციენტების საჭიროებისთვის 400 მილიონი ლარი დაიხარჯა.
„გასულ წელს ონკოლოგიურ პაციენტებზე სახელმწიფოს მიერ დაიხარჯა იმდენი, რამდენიც არასდროს დახარჯულა. უნდა აღინიშნოს, რომ ონკოლოგიის მართვის წარმატებულობის და ეფექტიანობის მიმართულებით გაუმჯობესებული მაჩვენებელი გვაქვს. რაც შეეხება პაციენტების მიერ მკურნალობისთვის გადახდილ თანხებს - ე.წ. ჯიბიდან გადახდები საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური სერვისების დაფინანსების ზრდის ფონზე, რადიკალურად არის შემცირებული. კერძოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ონკოლოგიაზე ე.წ. ჯიბიდან გადახდები არის განახევრებული. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს ონკოლოგიური დაავადების მართვისთვის სერვისი 38 627 ბენეფიციარს მიეწოდა, აქედან ქიმიო და ჰორმონო თერაპიის სერვისით 31 ათას 200-მა ბენეფიციარმა, პროგრამული მედიკამენტებით კი დაახლოებით 27 ათასმა, სხივური თერაპიით 6 400-მა პაციენტმა ისარგებლა. 38 ათასი პაციენტიდან დიდი ნაწილი საქართველოშიც იღებს სერვისს და პარალელურად, 5 800 ადამიანია, ვისაც სხვა მიმართულებით აქვს მოთხოვნა წამოყენებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რაც შეეხება რეფერენტული ფასების პროგრამას, მინისტრის თქმით, რეფორმის შედეგად, 2023-2025 წლებში მოსახლეობამ მედიკამენტებში ჯამში 853 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა და დღეის მდგომარეობით, რეფერენტული ფასი 7500-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქტზეა განსაზღვრული.
მიხეილ სარჯველაძემ რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში უნაყოფობა დაახლოებით წყვილების 10-12%-ში შეიძლება აღინიშნებოდეს და ამ მაჩვენებლით, საქართველო დიდად არ განსხვავდება ევროპისა და აშშ-ს მაჩვენებლისგან.
„რაც შეეხება შშმ პირებს, ამჟამად საქართველოში შშმ პირთა სტატუსის დადგენა ნოზოლოგიაზე დაფუძნებული მიდგომით არის განსაზღვრული. ასეთ დროს საჭიროებები არა ინდივიდუალურად, არამედ უნივერსალური მიდგომით დგინდება. ამ ნოზოლოგიით არის განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მთელი სპექტრი. უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მოცულობითი პროგრამა მოქმედებს, რომელიც მოიცავს როგორც დიაგნოსტიკას, ასევე ამბულატორიულ და მკურნალობის სხვა მეთოდებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მათთვის ყველაზე მეტი შეღავათი და გამონაკლისია გათვალისწინებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შშმ პირების საკითხზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრის გამოსვლის შემდეგ, ინტერპელაცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
