პარლამენტის წევრმა, ფრიდონ საყვარელიძემ ქალაქ სევენოუქსში უორდროპების საფლავი გვირგვინით შეამკო

10 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრიდონ საყვარელიძე და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთის ქალაქ სევენოუქსს ესტუმრნენ და უორდროპების საფლავი გვირგვინით შეამკეს. ოლივერ უორდროპი 1919-21 წლებში საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი იყო. მან და მისმა დამ, მარჯორიმ, დიდი წვლილი შეიტანეს დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის დამკვიდრებასა და მჭიდრო ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების განვითარებაში. მათ ასევე დამსახურება მიუძღვით ქართველოლოგიის განვითარებაში.
აღნიშნულ ღონისძიებას უორდროპის ფონდის თავმჯდომარე პროფესორი დონალდ რეიფილდი, სენტ ნიკოლასის ეკლესიის წინამძღვარი ანგუს მაკკლეი და ეკლესიის საბჭოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ფრიდონ საყვარელიძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს წინაშე უორდროპების დამსახურება გააცნო და ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ უორდროპების სახელის უკვდავსაყოფად განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლოდ დაგეგმილი შემდგომი კონკრეტული ინიციატივების შესახებ ისაუბრა. მანვე ეკლესიის საბჭოს წარმომადგენლებს უორდროპების საფლავის ქვაზე ორენოვანი წარწერის ნებართვის მისაღებად კენტერბერის არქიეპისკოპოსთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართა, რაზეც დახმარების პირობა მიიღო. ეკლესიის წინამძღვარმა, ანგუს მაკკლეიმ უორდროპების მოსახსენიებლად ლოცვა წაიკითხა და მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის მადლიერება გამოთქვა.
ფრიდონ საყვარელიძე: „სასაფლაოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა და ეკლესიის წინამძღვარმა არქიეპისკოპოსის წინაშე ყოველგვარი დახმარების პირობა აღგვითქვეს. გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს იმ მექანიზმების გამო, რომელიც საუკუნეებია მოქმედებს ბრიტანეთში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უორდროპების საფლავს „მადლიერების გამოხატულება ქართველი ერის მხრიდან“ ქართული წარწერით დავამშვენებთ“.
