საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოხსენება წარადგინა.
„შარშანდელი წელი მთავრობის საქმიანობაში გარდამტეხი იყო სხვადასხვა თვალსაზრისით. ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც მთავრობის საქმიანობაში ახალი ეტაპი დაიწყო. ამ წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობაში თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება, რაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით. ეს საკადრო ცვლილებები ეხებოდა უშუალოდ სამთავრობო და მთავრობასთან დაკავშირებულ უწყებებს, მათ შორის, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით. 2025 წელს ამ დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად გადაიხედა 115 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც 67 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასული ერთი წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კორუფციული პრაქტიკის ძირეული აღმოფხვრა იყო და ეს მიზანი ხელისუფლების ზედა ეშელონებში არსებითად მიღწეულია.
ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 3.9 მილიარდი დოლარით გაიზარდა და პირველად ისტორიაში, საქართველოს ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადასცდა და 104,6 მილიარდი ლარი შეადგინა.
მისივე თქმით, გასული ხუთი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელი 8.2%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026 – 2031 წლებში, საქართველოს რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2020 წელს საშუალო ხელფასი 1191 ლარი იყო და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთს შევადაროთ საშუალო ხელფასის ზრდა და ინფლაციის მაჩვენებლები. ბოლო 3 წლის მაჩვენებლები რომ ავიღოთ, ამ პერიოდის განმავლობაში, სამომხმარებლო ფასები საქართველოში 6.4%-ით გაიზარდა. უშუალოდ ფასები სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე 3 წელიწადში 9.7%-ით გაიზარდა. იგივე პერიოდში მოსახლეობის საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი და ამასთან ერთად, საშუალო ხელფასის ზრდა ამ 3 წლის განმავლობაში 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახა სიღარიბის მაჩვენებლებზე და 2025 წელს ამ მონაცემმა 7.1% შეადგინა, რაც 2.3%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.
„ამ ტემპით სიღარიბის სრულად აღმოფხვრა საქართველოში 2029 წლისთვისაა შესაძლებელი, რაც 2012 წელს საოცნებოც ვერ იქნებოდა“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 7,6%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი კი 42,4%-მდე შემცირდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა.
პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების იმ ნაწილში, სადაც საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ყურადღება გამახვილებულია: საგარეო სავაჭრო ურთიერთობებზე, ტურიზმზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურაზე, წყალმომარაგებაზე, გარემოს დაცვაზე და სხვა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილია აღნიშნული მიმართულებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედია, რაც თავისთავად ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე მეტყველებს.
მისივე თქმით, მთლიანობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ პროგრამების შედეგად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72-დან 76 წლამდე გაიზარდა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასული წლის შემდეგ, ბიუჯეტში პენსიებისთვის გათვალისწინებული თანხა 517 მილიონი ლარით გაიზარდა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე.
ყოველწლიურ მოხსენებაში, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა თავდაცვის საკითხებზე.
„დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე - „თავდაცვის ძალები 2035“. ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათაშორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით. გრძელდებოდა ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებული სისტემების დანერგვა, მიმდინარეობდა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენასთან დაკავშირებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების ეტაპობრივი შესრულება, გრძელდებოდა დაზვერვის ქვედანაყოფების თანამედროვე და ეფექტიანი სისტემებით აღჭურვა, მიმდინარეობდა არსებული საარტილერიო შესაძლებლობების მოდერნიზება და გაგრძელდა საბრძოლო-საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება. თავდაცვის ძალებმა მიიღო როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები. მიმდინარეობდა უპილოტო და კონტრუპილოტო სისტემების ინტეგრირებისა და განვითარების მასშტაბური პროექტი. მიმდინარეობდა ქვედანაყოფების აღჭურვა თანამედროვე ტაქტიკური რადიოსისტემებით. გაძლიერდა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა. ქვედანაყოფები დაკომპლექტდა თანამედროვე სამედიცინო ავტო-ტექნიკით. „დეტალში“ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ჯავშან ჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების წარმოებისა და სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი. „დელტა-ვებეს“ მიერ გრძელდება სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი სისტემების პროტოტიპების შექმნა და გამოცდა. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 180 სამხედრო ობიექტზე. დასრულდა სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების თანამედროვე სტანდარტების ბაზების მშენებლობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციაზე, სადაც, მისივე განცხადებით, გასული ერთი წლის განმავლობაში, თვისებრივი ცვლილებები განხორციელდა.
საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა გაძლიერდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები გვქონდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. ასევე, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ცენტრალური აზიასა და შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი და ასევე ჩვენი პოლიტიკური რესურსები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩინეთთან მიღწეული პროგრესი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც არის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ ახალი ეტაპი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„ამასთან დაკავშირებით, გავაკეთეთ არაერთი საჯარო განცხადება, მათ შორის, პირადად მე. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირთან ურთიერთობა გამოწვევებით არის სავსე, თუმცა ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სათანადოდ შესრულდეს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
„საანგარიშო პერიოდში ამ კუთხით გვქონდა ფუნდამენტური პროგრესი. საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების 80% პროცენტი უკვე შესრულებულია, მათ შორის, უშუალოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 81%. ეს აჩვენებს ჩვენს მიდგომას საკითხის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არის უსამართლო მიდგომა, არის უამრავი გამოწვევა, ჩვენ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულების შესრულებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა წარმატებით ახორციელებდა.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ეკონომიკური წინსვლა მომავალშიც საქართველოს მთავრობის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტები იქნება. შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი მცდელობის მიმართ ვინმე დაუპირისპირდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
