დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლების მიერ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკის გადაცემის ცერემონიალს დაე...

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივი პროექტის, დიასპორული ქსელის www.tanamemamule.ge და ციფრული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ელექტრონული ბიბლიოთეკა გადასცა. ელექტრონული ბაზები მოიცავს სხვადასხვა პროგრამას, მათ შორის, ლექსიკონებს, ციფრულ ბიბლიოთეკას, ფოტომატიანეს რომელიც შემდგომში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შექმნილ დიასპორულ ქსელში იქნება ინტეგრირებული. ელექტრონული ბიბლიოთეკა თანამემამულეებს მისცემს საშუალებას ადვილად მოიპოვონ მათთვის საინტერესო წიგნები. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ,ზაალ სარაჯიშვილმა პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, -“დღეიდან, ყველა თანამემამულეს უცხოეთში შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს დიასპორული ელექტრონული ბიბლიოთეკით, სადაც განთავსებულია ქართველი მწერლების ნაწარმოებები, რომლებიც ხელს უწყობენ ქართული ენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას". ბიბლიოთეკა განთავსებული იქნება თანამემამულეთა სოციალურ ქსელში www.tanamemamule.ge.
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა კიკნაველიძემ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ასეთი პროექტი კიდევ ერთჯერ ადასტურებს, რომ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, მანძილი ქართულ დიასპორასა და საქართველოს შორის მცირდება და ჩვენს თანამემამულეებს, ექნებათ განცდა, რომ მათთან არის საქართველო, თუნდაც ვირტუალური სახით“.
მან მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს და პროექტის პრეზენტაციისათვის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში მიიწვია. “მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. უახლოეს პერიოდში დაიგეგმება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უფრო ვრცლად და სიღრმისეულად წარმოვადგენთ ამ ხედვებს, მოსაზრებებს და ინიციატივებს და დარწმუნებული ვარ ასეთი თანამშრომლობით, ერთობლივად გაცილებით მეტი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ“, - აღნიშნა შალვა კიკნაველიძემ.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სამინისტრო და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი სამომავლოდაც გეგმავს ღონისძიებებს, რომლებიც, პირველ რიგში, ქვეყნის გარეთ მყოფ ქართულ დიასპორას წაადგება.
