საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს მოუსმინეს

აფხაზეთში ჩატარებული არალეგიტიმური არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების შესახებ მოხსენება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ძალიან ბევრი კითხვა, მოსაზრება და სპეკულაციაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ვითარებაა აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ვითარება სიკეთისაკენ არ იცვლება. ადამიანური ურთიერთობები რჩება და გრძელდება, მაგრამ პოლიტიკური კუთხით ვითარება ჩამკვდარია. როცა პროცესი არ მიდის, არ იძვრის, მივიღებთ ჭაობს, საიდანაც არ მგონია მომავალი თაობები ამოვიდნენ, ამიტომ საჭიროა ამ მიმართულებით მეტი მსჯელობა და გზების გამონახვა'.
სახელმწიფო მინისტრმა ზოგადად შეაფასა აფხაზეთში არჩევნების შემდეგ არსებული მდგომარეობა, მისი განცხადებით, მალე შეიქმნება დე-ფაქტო მთავრობა, რომლის შემადგენლობიდანაც შესაძლებელი იქნება ვიფიქროთ საით გადაიხრება ვექტორი და შესაბამისად შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაც.
პაატა ზაქარეიშვილმა ურთიერთობების გააქტიურებისთვის მნიშვნელოვან რესურსებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, თავად აფხაზები ხვდებიან, რომ მათ დამოუკიდებლობაზე საუბარი ზღაპარია, ასევე, ჩვენი ქვეყანა უნდა გავხადოთ მათთვის საინტერესო და მიმზიდველი. "აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე საუბარი რომ ზღაპარია, ამას თავადაც ხვდებიან. ყირიმის მოვლენების შემდეგ ყველა ხვდება, რა პერსპექტივას ხედავს რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და როგორ დაუშვებს იმ დამოუკიდებლობას, რაზეც აფხაზები ოცნებობენ. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავხდეთ გარანტორი იმისა, რომ აფხაზეთის უსაფრთხოება, იდენტობა, მომავალი საქართველოსთან ერთად იქნება დაცული. არცთუ ისე დიდი ხანია საჭირო და დადგება ის დროც, როცა ჩვენ დავიწყებთ მათთან საუბარს, რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ აფხაზეთს. ჩვენ გვაქვს ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს მოწყობა, სადაც აფხაზები თავის იდენტობით მაქსიმალურად დაცული იქნებიან. ჯერჯერობით უნდა აღდგეს ხიდები, ნდობა და შემდეგ ვილაპარაკოთ ისეთ სერიოზულ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიც არის სტატუსი“.
პაატა ზაქარეიშვილი ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაცია ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მხრიდან ინტერესს იწვევს. „არის ინტერესი საქართველოს დოკუმენტების მიმართ, განსაკუთრებით საქართველოს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მეტი ინტეგრაციისა და ვიზა-ლიბერალიზაციის ფონზე. გაიზარდა ინტერესი ქართული პასპორტის მიმართ, რომელიც მომავალში შეიძლება ევროპული პასპორტი გახდეს. როგორც კი ჩვენ ვიზა-ლიბარალიზაციას მივიღებთ, დარწმუნებული ვარ, ქართული პასპორტისადმი მოთხოვნა ერთი-ორად გაიზრდება. ეს არ იქნება აბსოლუტური, მაგრამ იქნება ისეთივე ტენდენცია, რაც იყო კვიპროსზე - კვიპროსი შედიოდა რა ევროკავშირში, კვიპროსის თურქულ მოსახლეობაში კვიპროსის პასპორტების მიმართ აფეთქებაც კი იყო“. მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან რუსეთისადმი დამოკიდებულების ფონი ხელს შეუწყობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა მეტად ენდოს ქართულ სიკეთეებს და ქართულ სერვისს.
პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტის წინაშე დააყენა საკითხი, რომ საკანონმდებლო ორგანო კვლავ დაუბრუნდეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას, რომელიც კომიტეტებმა პირველი მოსმენით განიხილეს, მაგრამ პროცესი გადადებულია.
სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებისა და მოწვეული სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების ხელმძღვანელები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ოქტომბერშიც მოუსმენს პარლამენტი. ოქტომბერში საკანონმდებლო ორგანოში ჟენევის დელეგაციის ხელმძღვანელსაც ელოდებიან.
