იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის და ევროპელი ექსპერტების, ჯოზეფ კანატაჩის და გრეჰემ სატონის ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში ე.წ. ფარული მოსმენების და მიყურადების საკითხზე ინტენსიური შეხვედრები გაიმართა. თემის განხილვაში მონაწილეობა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა და ევროსაბჭოს ექსპერტებმა მიიღეს. სამუშაო შეხვედრების შედეგები ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ ევროპელ ექსპერტებთან, ჯოზეფ კანატაჩსა და გრეჰემ სატონთან ერთად გააცნო.
„საქართველოს საკანონმდებლო ორგანო წელიწადზე მეტია მუშაობს კანონპროექტთა პაკეტებზე, რომლებიც ე.წ. ფარული მოსმენების საკითხის მოწესრიგებას ეხება. ამ დრომდე ეს საკითხი იმდენად მოუწესრიგებელი იყო, რომ აბსოლუტურად დაუცველი იყო ნებისმიერი პიროვნება პირად ცხოვრებაში უკანონოდ შეჭრისგან. პარლამენტმა სამუშაოების პირველი ეტაპი 1 აგვისტოსთვის დაასრულა, როდესაც კანონპროექტებში მთელი რიგი ცვლილებები იქნა მიღებული. ამჯერად კი მსჯელობის საგანს წარმოადგენს ის მნიშვნელოვანი საკითხები, თუ სად უნდა ინახებოდეს ტელეკომუნიკაციის კომპანიების მომხმარებელთა საიდენტიფიკაციო მონაცემები და ვის ხელში უნდა იყოს ე.წ. გასაღები, რომლის გადატრიალებითაც დაიწყება მოსმენების პროცედურები“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრებზე ბევრი საინტერესო და ახალი მოსაზრება გამოითქვა, რომლებიც შემდგომ კონსულტაციებს საჭიროებენ. მისი განცხადებით, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კანონპროქტებზე მუშაობა სწრაფად ვერ დასრულდება და მუშაობის პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება, ამ მხრივ კი დიდი ყურადღება გარე კონტროლის მექანიზმებს დაეთმობა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს. რომელიც თავის მხრივ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
სამუშაო შეხვედრების შეფასებისას პარლამენტის წევრმა იმ მიდგომაზე ისაუბრა, რომელიც ამ დროისთვის იქნა გაზიარებული შეხვედრებში მონაწილეთა უმრავლესობისგან. მიდგომა კი მდგომარეობს იმაში, რომ ფარული მოსმენების სისტემაში ჩართვისთვის იქნება ორი ე.წ. გასაღები, რომლებიც სხვადასხვა უწყებაში იქნება დაცული და მოსმენა-მიყურადების სისტემაში ჩართვა მხოლოდ მათი ერთობლივი „გადატრიალებით“ იქნება შესაძლებელი. აღნიშნული მიდგომა ევროპელმა ექსპერტებმაც დადებითად შეაფასეს. მათ სამუშაო ჯგუფს ევროპული გამოცდილებიდან გამომდინარე რეკომენდაციები წარუდგინეს და მუშაობის პროცესში მონაწილეობის გაგრძელებაზე მზადყოფნა გამოთქვეს.
