აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი დღეს პარლამენტში იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე თვიან სტაჟირებაზე იმყოფებიან.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება სოფლის მეურნეობის წინაშე მდგარ ამოცანებს და ამ სფეროს განვითარების საკითხებს დაეთმო. როგორც გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ამ მიმართულებით აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შესაბამისი გეგმებიც აქვს დასახული.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს იმ მიმართულებებზე ესაუბრა, რომელთა განვითარებისა და გაუმჯობესების გარეშე აგრარულ სფეროში მცირე წარმატებების მიღწევაც კი შეუძლებელია. „აუცილებელია მივაღწიოთ ამ სექტორში ცოდნის მუდმივ განახლებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ტექნიკით უზრუნველყოფა და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა, წლების განმავლობაში მოშლილი ინფრასტრუქტურის აღდგენა, ფინანსების მოზიდვა და გასაღების ბაზრის ძიება. ეს არის ის საკითხები, რომლებზეც სოფლის მეურნეობა დგას, და რომელთა წარმატებით გადაჭრასაც დიდი წარმატებების მოტანა შეუძლია როგორც ცალკეული ფერმერებისათვის, ასევე სრულიად ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
ის ახალგაზრდებს იმ კანონებსა და კანონპროექტებზეც ესაუბრა, რომლებსაც სოფლის მეურნეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია და ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მან სოფლის მეურნეობის კოოპერატივების შესახებ კანონი დაასახელა, რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ხელს უწყობს წვრილი გლეხური მეურნეობების გამსხვილებას და ფერმერებისათვის წარმატებისა და მოგების მოტანას. მან ყურადღება ქვეყნის საკანონმდებლო სისტემის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების აუცილებლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს უპირველესად, სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის მიღწევისთვისაა საჭირო. ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება კი ქართველ ფერმერებსა და მწარმოებლებს ევროპის ბაზარზე შესვლის ბიძგს აძლევს.
დასასრულ, გიგლა აგულაშვილმა სტაჟიორთა მრავალრიცხოვან კითხვებს ამომწურავად უპასუხა. ახალგაზრდები კომიტეტის დღევანდელი საქმიანობითაც დაინტერესდნენ, გიგლა აგულაშვილმა კომიტეტის სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ დღეისათვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის აგროდაზღვევა, რომლის შესახებ კანონპროექტი უკვე მომზადებულია. კომიტეტი ასევე მუშაობს ქარსაცავი ზოლების შესახებ კანონპროექტზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდები, დაინტერესების შემთხვევაში, კომიტეტის სხდომებზე სხვადასხვა საკითხების განხილვებში მონაწილეობისათვის მიიწვია.
