ლევან ბერძენიშვილი ფრედრიკ ჰაიდ-ჩემბერს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ბრიტანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ლევან ბერძენიშვილი ბრიტანულ თანამეგობრობაში საქართველოს შესაძლო გაწევრიანების პერსპექტივებსა და მოსალოდნელ შედეგებზე კვლევის ექსპერტს, ფრედრიკ ჰაიდ-ჩემბერსს შეხვდა, რომელიც ამავე დროს, ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაციის (EPDI) აღმასრულებელი თავმჯდომარეა.
შეხვედრა ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრ (BEC-ის) და ფონდ ''კრისტალის'' ორგანიზებით გაიმართა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარეს ბრიტანულ თანამეგობრობაში საქართველოს შესაძლო გაწევრიანების პერსპექტივებსა და მოსალოდნელ შედეგებზე კვლევის ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევა გააცნეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნოემბერში მალტაში დაგეგმილია თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურთა წლიური შეხვედრა. პარალელურად ჩატარდება ბიზნეს ფორუმი, რომელიც ბრიტანული თანამეგობრობის ერთ-ერთი დიდი აქტივობაა. „თანამეგობრობასთან ურთიერთობის დამყარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაზე. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, თანამეგობრობის წევრი ქვეყნების წინაშე ფართოდ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და უპირატესობები; განაცხადოს თანამეგობრობაში გაწევრიანების სურვილი და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს იმ ღირებულებათა განმტკიცებისკენ საქართველოს სწრაფვა, რომელიც ბრიტანული თანამეგობრობისთვის ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა, როგორებიცაა: დემოკრატია, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებების თუ კანონის უზენაესობა“, - განაცხადეს შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა.
„გამოითქვა სურვილი, რომ საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების და ბიზნესის წარმომადგენლები მალტაში ჩავიდნენ და იმ შესაძლებლობებს გაეცნონ, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის წინაშე იშლება. ეს არის უნიკალური წინადადება. საქართველოს აქვს შანსი, რომ არა მარტო მონაწილეობა მიიღოს ბიზნეს-ფორუმში, არამედ გახდეს ბრიტანული თანამეგობრობის წევრი, რომელიც მსოფლიოს 57 წევრი ქვეყნისგან შედგება. ძალიან საინტერესო წინადადება იქნა შემოთავაზებული, რომელსაც ჩვენი ქვეყანა განიხილავს და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ბრიტანულ თანამეგობრობასთან ურთიერთობა საჭიროა და ეს ცალსახაა. სტუმარი საქართველოს ევროპის ღვიძლ ნაწილად მიიჩნევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი აპირებს, პარლამენტთან განაახლოს ის ურთიერთობები, რომელიც ამ ორგანიზაციას პარლამენტთან 2012 წლამდე, (პარლამენტის ქუთაისში გადატანამდე) ჰქონდა.
ფრედრიკ ჰაიდ-ჩემბერსი 20 ივლისს ჩამოვიდა და იგი საქართველოში 22 ივლისამდე დარჩება. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები იგეგმება ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან.
დღევანდელ შეხვედრას BEC-ის და ფონდ ''კრისტალის'' თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე და აღმასრულებელი დირექტორი ნათია კაციაშვილი ესწრებოდნენ.
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC) წარმოადგენს დამოუკიდებელ, არამომგებიან და არალობისტურ ორგანიზაციას, საქართველოში მოღვაწეობის თითქმის ათწლიანი გამოცდილებით, რომლის ძირითადი მიზანია კერძო და საჯარო სექტორებს შორის კონსტრუქციული დიალოგის განვითარება და საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობა, უფრო ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად. ცენტრი საქართველოში 2004 წელს, ევროკომისიის მხარდაჭერით დაფუძნდა. 2007-2012 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატრონაჟით, ცენტრის ოფისი განთავსებული იყო საქართველოს პარლამენტის შენობაში, როგორც საკანონმდებლო დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმა. პარლამენტის ქუთაისში გადასვლის შემდგომ ცენტრის პროგრამები შეწყდა, ამჟამად კი განახლების პროცესი მიმდინარეობს.
