ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი პარლამენტში გახსნილი გამოფენის - „რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე“ დამთვალირებლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტს, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლისთავიდამი მიძღვნილი გამოფენის - „რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე“ დასათვალირებლად, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოზარდებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი შეხვდა.
ლევან ბერძენიშვილი უფროსკლასელებს 90-იან წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურებაზე, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარების თარიღი მართლაც დაუვიწყარია საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან სწორედ მაშინ გაცხადდა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება - მხარი დაეჭირათ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რომელიც 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით დაგვირგვინდა. ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ეს იყო საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე გადამწყვეტი დღეები.
„1991 წლის 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია. აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და იმედი გვაქვს, რომ მას არასოდეს დავკარგავთ. ჩვენ, წინა თაობამ, კონტურულ რუკაზე საქართველო მოგიხაზეთ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და როგორი იქნება ის მომავალში, ეს თქვენზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ლევან ბერძენიშვილმა მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათთვის ექსკურისია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, უფროსკლასელებმა პარლამენტის თბილისის სასახლის ისტორიული შენობა დაათვალიერეს.
საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლისთავიდამი მიძღვნილი გამოფენა - „რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე“ 31 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გახსნა. რამდენიმე დღის განმავლობაში, გამოფენის დასათვალირებლად, საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 50-ზე მეტი ჯგუფი ესტუმრა.
გამოფენაზე წარმოდგენილია 1991 წლის რეფერენდუმისა და 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი საქართველოში დაცული ისტორიული დოკუმენტები, ფოტო და ვიდეომასალა. გამოფენა პარლამენტში დამთვალიერებლებისთვის 9 აპრილამდე იქნება გახსნილი და ის საქართველოს პარლამენტის ტრადიციული საექსკურსიო ტურის ნაწილი გახდა.
