„ლევან ბერძენიშვილმა, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულ სხდომაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში წარადგინა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულ სხდომაში მონაწილეობის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის ანგარიში წარადგინა. მისი ინფორმაციით, ევროპის პარლამენტებთან და ევროპარლამენტთან ნაყოფიერი პარტნიორობის შედეგად, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მოიპოვა საშუალება კავშირი იქონიოს ევროკავშირის საპარლამენტო გაერთიანება - კოსაკ-თან.
29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ლუქსემბურგში ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც კოსაკ-ის „საპრეზიდენტო ტროიკის" სპეციალური მიწვევით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი იყო წარდგენილი. ღონისძიებაში კომიტეტის თავმჯომარე ლევან ბერძენიშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გუგული მაღრაძე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი, კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე მონაწილეობდნენ.
პლენარულმა სხდომამ არალეგალური მიგრაციის პრობლემები, ევროკავშირის საზღვრების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, ციფრული საერთო ბაზრის სტრატეგია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა განიხილა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომიტეტებს შორის დებატები გაიმართა. უკანონო გზებითა და სახიფათო მცდელობებით ადამიანთა ევროკავშირის ქვეყნებში შეღწევის შემცირების მიზნით, სხდომაზე მიგრაციის კანონიერი გზების გახსნის აუცილებლობაზე და საზღვრების დაცვის ეფექტურობის გაზრდაზე ისაუბრეს. ამასთან, ერთმანეთს ამ მიმართულებით ერთიანი და სოლიდარული ქმედებებისაკენ მოუწოდეს.
გაფართოების პოლიტიკის თემასთან დაკავშირებით, სხდომაზე, მოხსენებით ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე, სიმონ მორდუ წარსდგა.
სხდომაზე, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლების საკითხზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ევროპის რეგიონულ პროცესებში თურქეთის როლის მნიშვნელობას. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა კვლვაც უნდა ეფუძნებოდეს კანდიდატი სახელმწიფოების მიღწევებს დემოკრატიზაციის, ინსტიტუციური მოდერნიზაციასა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
საუბარი შეეხო, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას და ევროინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს მიღწევებს.
საქართველოს მეგობარი ქვეყნების დელეგაციებმა, რუმინეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან და საბერძნეთიდან ხაზი გაუსვეს საქართველოს სუვერენტიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობას, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების აუცილებლობას და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების დადებით პერსპექტივებს.
პლენარულ სხდომას სიტყვით მიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარის პირველმა მოადგილემ, გუგული მაღრაძემ. მან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროგრესის შესახებ გაამახვილა ყურადღება. მან ხაზგასმით აღნიშნა, უვიზო მიმოსვლის დაწესების სარგებლიანობა, როგორც საქართველოსთვის ასევე, ევროკავშირის საზღვრების დაცვის უსაფრთხოებისთვის. გუგული მაღრაძემ საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების წარმატებით მიმდინარეობის მიუხედავად, დიდ საგარეო გამოწვევებზეც ისაუბრა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, ვიქტორ დოლიძემ პარტნიორი სახელმწიფოების პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პერსპექტივებზე, რომლის კონტრიბუტორიც საქართველოა. ვიქტორ დოლიძემ საქართველოსა და უკრაინის უვიზო მიმოსვლის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ევროკავშირთან და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზეც ისაუბრა.
ლუქსემბურგში მიმდინარე ევროკავშირის საპარლამენტო ღონისძიების ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბელგიის სენატის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპ მაუსს შეხვდა. ლევან ბერძენიშვილმა კოლეგას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დაჩქარების თხოვნით მიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას და ამ მიმართულებით მიღებულ მიღწევებს.
კოსაკ-ის პლენარულ სხდომაზე მიიღეს დეკლარაცია და დასკვნა. დეკლარაციაში ასახულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობები ვითარდება.
კომიტეტი მომავალშიც განაგრძობს კოსაკ-ის „საპრეზიდენტო ტროიკასთან" კომუნიკაციას, საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების ხელშესაწყობად, ევროპელ პარტნიორებთან კიდევ უფრო მეტად დასაახლოვებლად და ევროპის საპარლამენტო დიალოგში ჩართულობისთვის.
ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენცია (Conference of Parliamentary Committees for Union Affairs of Parliaments of the European Union – COSAC ) - კოსაკი არის ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე ძველი და ევროკავშირის ხელშეკრულებებით დაფუძნებული საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანება. იგი შეიქმნა 1989 წელს, რათა გაძლიერებულიყო ეროვნული პარლამენტების როლი ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაში. კოსაკი აერთიანებს ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოს, ეროვნულ პარლამენტს, ევროპულ საქმეთა კომიტეტებს და ევროპარლამენტს.
კოსაკის საშუალებით ეროვნული პარლამენტები მონაწილეობენ ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, განიხილავენ ინიციატივებს მოქალაქეთა ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა. კოსაკის უნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა, შეიმუშავოს დასკვნა და დეკლარაცია ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს საყურადღებოდ.
კოსაკს ხელმძღვანელობს „საპრეზიდენტო ტროიკა" (ევროკავშირის წინა, ახლანდელი და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის პარლამენტი - ლატვია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია) და პრეზიდენტ პარლამენტად გვევლინება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პარლამენტი (ამჟამად ლუქსემბურგის პარლამენტი/დეპუტატთა პალატა).
