მაია ბითაძე “შინაურ ბინადარ ცხოველთა” შესახებ კანონპროექტზე - სიცრუის ტირჟირება და ადამიანების შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად ხორციელდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე “შინაურ ბინადარ ცხოველთა” შესახებ კანონპროექტზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ადამიანების შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად ხორციელდება.
„მსურს გამოვეხმაურო რამდენიმედღიან ცრუ აჟიოტაჟს და სიცრუის ტირაჟირებას, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ცხოველთა უფლებების დამცველთა გრძნობებზე მანიპულაციისთვის. ეს ყალბი ნარატივი მიზნად ისახავს კანონის მიღების ხელის შეშლას, ადამიანების შეცდომაში შეყვანას და მიზანმიმართულად ხორციელდება, რომ კანონი არ იქნას მიღებული, გაგრძელდეს ცხოველების ქაოტური გამრავლება, რაც რიგ შემთხვევაში ხელს აძლევს იმ ადამიანებს, რომლებიც კერძო ბიზნესით არიან დაკავებული“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ისაუბრა.
„პირველი - ყველაზე მძიმე ბრალდება, რაც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ისმის, თითქოს კანონპროექტით გათვალისწინებულია ცხოველების მასობრივი ევთანაზია, რაც სრული სიცრუეა. თითქოს კანონის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო გეგმავს ქუჩები სრულიად გაწმინდოს შინაური უპატრონო ცხოველებისგან, რაც არის სრული სიცრუე. ამ სიცრუის გამავრცელებლებს კიდევ ერთხელ მივმართავ, შეწყვიტონ ადამიანების დაბულინგება და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება. მათ შორის ისეთი ინფორმაციის, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, თითქოს პატრონებსაც მოუწევთ ცხოველების ქუჩაში გაყრა, ცხოველები ვერ დარეგისტრირდებიან და მოხდება მათი ევთანაზია. ეს არის სრული სიცრუე! მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც წელიწადნახევარია მოქმედებს, ცხოველის ევთანაზიის ჰუმანური საფუძვლებია შექმნილი, ევთანაზიის შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს, მათ შორის, ცოფს (რომელსაც 100%-იანი ლეტალობა აქვს), დადგენილია ვეტერინარის სპეციალური დასკვნის სავალდებულოობა, სხვადასხვა შემთხვევებისათვის ცხოველზე დაკვირვების 10 დღიანი, 45 დღიანი და 6 თვიანი დაკვირვების ვადები. აღნიშნული რეგულაცია ვეტერინარების, ცხოველთა დამცველებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგადაა დადგენილი მთავრობის მიერ. ცხოველზე დაკვირვების, საეჭვო შემთხვევების და მასზე მეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში ცხოველი არ დაექვემდებარება ევთანაზიას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე შეფასებით, ევთანაზიასთან მიმართებით ჩვენი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა, უკავშირდება ცხოველების სხვადასხვა ობიექტებში შეყვანას.
„ამბობენ, თითქოს კანონპროექტით დაუშვებელია უპატრონო ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე, ასევე კვების ობიექტებში. სინამდვილეში კი: ეს არის მავნებლური დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ცხოველთმოვარულების ემოციებზე მანიპულირებისათვის. კანონპროექტით აღნიშნული შეზღუდვა არასდროს ყოფილა გათვალისწინებული.
მოქმედი კანონმდებლობით, წლებია აკრძალულია და 8 ლარით ისჯება პატრონიანი ცხოველის შეყვანა კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა, კერძოდ, შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის შეყვანა ხელში აყვანით, ჩანთით ან გადამყვანით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად) ყველგან, გარდა იმ საზოგადოებრივი დაწესებულებებისა, რომლებიც თავად აკრძალავენ ცხოველის შეყვანას. ასევე, ორგანიზაციები რომლის მეპატრონეებიც თავად აკრძალავენ პატრონიანი დიდი ზომის ძაღლის შეყვანას. ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი იქნებიან საგანგებოდ განათავსონ ცხოველის მისაბმელი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
რაც შეეხება ვაქცინაციასთან და ვეტერინარულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კანონპროექტით ყველა მუნიციპალიტეტს უდგინდება ვალდებულება, უზრუნველყონ უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია, ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეტაპობრივად გამოიყოფა ათეულობით მილიონი ლარი.
მისივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 26 თებერვალს დაგეგმილია გარემოს კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მიღება, სიმართლეს არ შეესაბამება.
მაია ბითაძის განმარტებით, კანონპროექტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, სამი მოსმენით განიხილავს მას შემდეგ, რაც პროექტი გაივლის საკომიტეტო მოსმენებს და მასზე ოთხი საპარლამენტო კომიტეტი შესაბამის დასკვნებს გასცემს. საბოლოოდ, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე სამი მოსმენით კენჭი 7 საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ეყრება.
