გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის აპარატის სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა.
დეპუტატი სტაჟიორებს საზოგადოებაში პოლიტიკის როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე, საპარლამენტო ცხოვრებასა და სხვადასხვა ინსტიტუციების განვითრებაზე ესაუბრა. მისი ინფორმაციით, დემოკრატია კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია და მნიშვნელოვანია, საქართველოში მეტი პოლიტიკური მრავალფეროვნება და პლურალიზმი იყოს.
გარემოსდაცვითი სფერო იყო მთავრი თემა, რომლის შესახებაც დეპუტატმა სტაჟიორებთან შეხვედრისას ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, გარემოსდაცვითი სფერო დღეს საქართველოში ყველაზე ნაკლებად დაფინანსებული სფეროა და თუკი სათანადოდ არ მოხდა ამის გამოსწორება, ქვეყანა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს.
გიორგი ცაგარეიშვილმა შეხვედრის დროს, კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებაც ისაუბრა და რამდენიმე კანონპროექტსაც შეეხო, რომელიც კომიტეტმა ბოლო პერიოდის განმავლობაში მიიღო, კერძოდ, პარლამენტის წევრმა დეტალურად ისაუბრა ,,ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესული ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები გამკაცრდა. მისი შეფასებით, ეს ცვლილება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც გარემოს დაბინძურების პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
შეხვედრის ბოლოს, სტაჟიორებმა დეპუტატს კითხვები დაუსვეს, რომელიც ძირითადად ნაგავსაყრელების პრობლემას, დაცულ ტერიტორიებს, სასარგებლო წიაღისეულს, ტყის მასების გაჩეხვის პრობლემას, მყარი ნარჩენების მართვას, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და გარემოსდაცვით სხვა საკითხებს შეეხებოდა.
დასასრულს, გიორგი ცაგარეიშვილმა სტაჟიორებს წარმატებები უსურვა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომებზე მიიწვია და დაინტერესების შემთხვევაში, თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
სტაჟირება საქართველოს პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში რამედენიმე წელია ტარდება. 2015 წელს პარლამენტის აპარატს 24 სტაჟიორი ჰყავს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში აქტიურად არიან ჩართულნი როგორც კომიტეტების, ისე დეპარტამენტების მუშაობაში. ამ პერიოდის განმავლობაში, სტაჟიორებს საშუალება აქვთ შეხვდნენ და აქტუალურ საკითხებზე ესაუბრონ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებს, მათ მოადგილეებსა თუ პარლამენტის ცალკეულ წევრებს. სტაჟირების პროცესის ორგანიზებას პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს.
