გუბაზ სანიკიძე რუმინეთის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელს, ანა ბირჩალს შეხვდა

საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუბაზ სანიკიძემ და რუმინეთის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანა ბირჩალმა.
გუბაზ სანიკიძე: „რუმინელებს კარგად ესმით ჩვენი პრობლემები, რადგან ორივე ქვეყანას საუკუნეების განმავლობაში ერთნაირი ბედი ჰქონდათ. ასევე ჩვენ გვაერთიანებს ორივე ერისათვის საამაყო ანთიმოზ ივერიელი. მაშინ, როდესაც ბევრს არ სჯეროდა, რომ საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, ერთ-ერთმა პირველთაგანმა სწორედ რუმინეთმა აღიარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. დღესაც, როდესაც საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან მნიშვნელოვანია რუმინეთის მხარდაჭერა. მით უმეტეს, ძალიან ძვირფასია ჩვენთვის რუმინეთის იმ გამოცდილების გაზიარება, რაც მან ევროინტეგრაციის პროცესში შეიძინა“.
ანა ბირჩალმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუმინეთის პარლამენტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებას. მისი განცხადებით, რუმინეთი აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. „მართლაც, სირთულეებით სავსე რეგიონში ვცხოვრობთ, ამიტომ საჭიროა ერთმანეთის მხარდაჭერა და შეთანხმებული მოქმედება სამეზობლოში არსებული კრიზისების დასაძლევად“.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით პარლამენტებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ. მხარეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ გეოპოლიტიკური მდებარეობისა და უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველოსა და რუმინეთს პოტენციალი აქვს ევროპასა და აღმოსავლეთს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე დაიწყონ საუბარი, ამ პროცესში კი საპარლამენტო დიპლომატიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
