საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის და კომიტეტის წევრების შეხვედრა მსოფლიო ბანკის მისიის წამომადგენლებთან

დღეს, პარლამენტში შედგა შეხვედრა მსოფლიო ბანკის მისიის "პოლიტიკური ეკონომიკის რეგიონული კვლევის“ წარმომადგენლებთან ვერენა ფრიცსა და ალან გუსტაფსონთან, რომლებიც თბილისში ვიზიტად იმყოფებიან.
შეხვედრის თემა, ძირითადად, საჯარო ფინანსების მართვა იყო.
სტუმრები დაინტერესდნენ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული რეფორმებით საჯარო ფინანსების მართვაში და ამ კუთხით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის როლით, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების პროცესით და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების შედგენის მეთოდებით, რაზეც კომიტეტის წევრებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მსოფლიო ბანკის მისიის წევრებს გააცნეს მოსაზრებები საბიუჯეტო ოფისის საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით სერიოზული რეფორმა განხორციელდა, რასაც შედეგად საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება მოჰყვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისათვის.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას და მის როლს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლზე.
