პარლამენტის სტაჟიორები და პრაქტიკანტები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებმა და პრაქტიკანტებმა მორიგი შეხვედრა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვახტანგ ხმალაძესთან გამართეს.
ვახტანგ ხმალაძემ ახალგაზრდებს მოკლე ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტის როლსა და ადგილზე ქვეყნის სახელისუფლებო შტოებს შორის, ხოლო საუბრის დიდი ნაწილი დაუთმო ზოგადად პარლამენტის კომიტეტების, კერძოდ კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობას.
მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული ადგილი უკავია კომიტეტთა ჩამონათვალში, ვინაიდან სწორედ ამ კომიტეტში იქმნება და მუშავდება პარლამენტის მიერ მიღებული კანონების უმრავლესობა. ესაა კანონმდებლობა, რომელიც ეხება სახელმწიფო მოწყობას, ესაა ყველა სახის კოდექსი საჯარო წესრიგთან დაკავშირებით და მრავალი სხვა. ვახტანგ ხმალაძემ კომიტეტის უფლებამოსილების სფეროში შემავალ სხვა საკითხებზე და კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკაზეც ისაუბრა.
მან კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობასთან ერთად, ახალგაზრდების ყურადღება პარლამენტის და, მათ შორის, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციაზეც გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში ხშირად ისმენს იმ უწყებების ანგარიშებს, რომლებიც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული არიან.
ვახტანგ ხმალაძემ სტუდენტ-ახალგაზრდობას პარლამენტის კედლებში გატარებული დროის ნაყოფიერად გამოყენება უსურვა და განაცხადა, რომ „პარლამენტის კომიტეტებში მუშაობა, ზოგადად, კვალიფიკაციის ამაღლებას დიდად უწყობს ხელს. პრაქტიკისა და სტაჟირების დროს ბევრს ნახავთ, ბევრს ისწავლით და დამატებით ცოდნას შეიძენთ, რაც გარკვეული წინაპირობა იქნება იმისა, რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი“. მისი შეფასებით, ახალგაზდები პარლამენტში საკმაოდ კარგ ცოდნასა და კვალიფიკაციას იღებენ და მისივე თქმით, ამის დასტური არიან პარლამენტის ის ყოფილი სტაჟიორები თუ თანამშრომლები, რომლებიც დღეს წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში, თუ კერძო სექტორში.
დასასრულ, ვახტანგ ხმალაძემ ახალგაზრდების მრავალრიცხოვან კითხვას უპასუხა, რომლებიც იურიდიული სფეროს გარდა, მათთვის საინტერესო სხვა თემებსაც ეხებოდა დაწყებული საგარეო პოლიტიკით, ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებით და დამთავრებული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით, ადამიანის უფლებების დაცვით და სხვა.
როგორც პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფრომა მარინე (დიანა) ასათიანმა განაცხადა, სტაჟიორებისა და პრაქტიკანტების მიღება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ტრადიციად ჩამოყალიბდა და მას უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს.
„სტაჟიორები პარლამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ხვდებიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ნახევარი წლის განმავლობაში იღებენ შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას. რაც შეეხება სტუდენტებს, ისინი სასწავლო პრაქტიკას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ოცდაათი დღის განმავლობაში გადიან“, - განაცხადა დიანა ასათიანმა. მისი თქმით, ორივე მოვლენას ერთი მიზანი აქვს - ხელი შეუწყოს სტუდენტი-ახალგაზრდობის პროფესიულ მომზადებას, ახალგაზრდებს მიეცეს საშუალება სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობით განამტკიცონ და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოიმუშაონ, და რაც მთავარია, საჯარო სამსახურისათვის კვალიფიციური კადრების მომზადებას შეეწყოს ხელი.
სტაჟიორები და პრაქტიკანტები სხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში პარლამენტის ცალკეულ წევრებსაც შეხვდებიან.
